თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მტკიცებით, ქართული პროტოკოლით პლაქველინს მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებში არ იყენებენ .
“უინსტონ ჩერჩილი ამბობდა – დემოკრატია მმართველობის ყველაზე საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არ არსებობს. ეს ძალიან კარგად შეესაბამება პლაქველინს. კარგად ვიცით, რომ კოვიდ19-ის ეფექტურად სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს, არ არის დამტკიცებული და მიმდინარეობს ძიება მთელ მსოფლოოში, 16-17 მედიკამენტს ცდიან და მათ შორის, ყველაზე იმედისმომცემია რემდესივირი, მაგრამ ის კვლევებშია და არც ერთი ქვეყნისთვის არ არის ჯერ ხელმისაწვდომი.
ამ ეტაპზე, პლაქველინი ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ”- თქვა ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძის თქმითვე, საქართველოში მართვითი სუნთქვა 408 ავადმყოფიდან სულ 11-ს დასჭირდა.
„აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ საქართველო სულაც არ არის კონცენტრირებული მხოლოდ პლაქვენილზე. ჩვენ დიდი წარმატებით გამოვიყენეთ პრეპარატი ტოცინიზუმაბი მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ. ეს ძალიან ძლიერმოქმედი მედიკამენტია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება. ჩვენ სისტემატიურად ვართ ყველა სიახლის საქმის კურსში და ვცდილობთ საქართველოში დავნერგოთ ნებისმიერი ინოვაცია, რომელიც გამოჩნდება, იქნება ეს ახალი მედიკამენტი თუ მკურნალობის მეთოდი. იცით, რომ ვმუშაობთ კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ავადმყოფის პლაზმის გადასხმაზე, როგორც სამკურნალო საშუალებაზე,“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
წყარო: ნიუპოსტი