კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე სხვადასხვა გზით. ეს საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობისთვის ისეთ აუცილებელ ინგრედიენტებს, როგორიცაა სუფთა ჰაერი, უსაფრთხო ჯანსაღი წყალი, საკვებით მომარაგება და საცხოვრებელი ადგილის უსაფრთხოება.
ექსპერტები წლებია ამბობენ, რომ ემისიების შემცირების გზით ატმოსფეროს ნაკლები დაბინძურება ხელს შეუშლის კლიმატის სწრაფ ცვლილებას.
დღეს კი, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, რის შედეგადაც, დაცარიელდა საავტომობილო და საჰაერო გზები, შეჩერდა ბევრი საწარმოს მუშაობა, გაიწმინდა ცა, მათ შორის საქართველოშიც, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს კლიმატის ცვლილების გადასალახად ჯერ კიდევ საკმარისი არ არის.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წევრი, ავთანდილ გელაძე, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. ეს კი არაფერს ნიშნავს ვეებერთელა პროცესისთვის, რაც წლების განმავლობაში ფუჭდებოდა და რომლის გამოსწორება რამდენიმე თვეში შეუძლებელია.
მსოფლიო ვერ შეძლებს ეკონომიკის დიდი ხნით გაჩერებას და მაქსიმუმი, ალბათ, ერთ თვეში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება, რაც არ უნდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები გაჩნდეს, რადგან ეკონომიკა უნდა ამოქმედდეს, თორემ შიმშილი მოკლავს კაცობრიობას.
ავთანდილ გელაძე ჩვენთან პოსტპანდემიური პერიოდის სირთულის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ გაცილებით სახიფათო ეკონომიკის აღდგენის პერიოდი იქნება.
„ყველაფრის დაპაუზებამ, ბუნებრივია, გამოწვევები შექმნა ყველა მიმართულებით. ეკონომიკური კუთხით – ძალიან რთული იქნება პოსტპანდემიური პერიოდი, რადგან ამ ყველაფრის გაშვებას სერიოზული ძალისხმევა სჭირდება. ამაზე, ალბათ, მთელი მსოფლიო ფიქრობს და მუშაობენ, მაგრამ როდის დადგება ამ ყველაფრის დასაწყისი, ჯერ არავინ იცის.
ეკოლოგიური კუთხით გამოწვევები ჯერ თითქოს არ დგას, მაგრამ რისკები წარმოიქმნა სერიოზული, ეკონომიკის აღდგენის მიზნით, უკვე ხელისუფლებები შეიძლება წავიდნენ ყველაფერზე და ეს 3-4 თვიანი შეღავათი, რაც დედამიწამ მიიღო, შეიძლება ერთი–ორად და უფრო მეტად დაზიანდეს ეკონომიკის აღდგენის პროცესში.
ეს მცირე შეღავათი არაფერს ნიშნავს. მართალია, გაჩერდა ტურიზმი, საწვავი, ემისიები ატმოსფეროში შეიზღუდა, თითქმის ნოლის დონეზე დავიდა, მაგრამ ეს მცირე, მოკლევადიანი შეღავათია, რომელიც ატმოსფერომ მიიღო. გაცილებით უარესი იქნება მდგომარეობა, თუ ეკონომიკის განახლების პროცესში ერთდროულად მოხდა ყველაფრის ამოქმედება და დიდი რისკი არსებობს, რომ მთავრობებმა აღარ გაითვალისწინონ ეკოლოგიური მოთხოვნები და ეკონომიკის აღდგენისთვის ყველაფერზე წავიდნენ. ასეთი განცხადებები უკვე ისმის სხვადასხვა ქვეყნაში.
ზოგიერთ ქვეყანაში, ბიზნესი ითხოვს ეკოლოგიური გადასახადებისგან გათავისუფლებას, რომ უკვე პოსტკრიზისულ პერიოდში მარტივად მოახერხონ ეკონომიკის აღდგენა.
თუ ასეთი რამ დაუშვეს მთავრობებმა, ეს 3-4 თვე ვერაფერ შეღავათს ვერ მისცემს და შესაძლოა სახიფათო ეკოლოგიური შედეგები მოჰყვეს.
საქართველოში ჯერ არც პრაქტიკული ქმედებების და არც დაგეგმვის დონეზე არ ჩანს ახალი რისკების გაჩენის საფრთხე. არ ჩანს, რომ შეიქმნება ახალი გამოწვევები და ახალი წყაროები ატმოსფეროს დაბინძურების. ჯერჯერობით მთავრობა ახერხებს იმას რომ მიჰყვება დადგენილ კანონმდებლობის ჩარჩოებს და თუ ეს ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, კარგი იქნება“, _ ამბობს გელაძე.
„გურია ნიუსი“ ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წევრი, თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივაზე, რაც დედაქალაქში 2 დღის განმავლობაში ავტომობილებით მოძრაობის აკრძალვას გულისხმობს.
„მივესალმები კალაძის ინიციატივას. მისმა ავტორმა შეგნებაზე დაფუძნებული პერსპექტივა დაგვისახა, შევთანხმდეთ, რომ ავტომობილით არ გავალთ ქალაქში და არა იურიდიულად აკრძალული. ეს არის მცირე ფრაგმენტი იმისა, როგორ გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ეფექტური და ყველა ჩვენგანს არ გაგვიჩნდეს სურვილი, საკუთარი ავტომობილით გავიდეთ საქმეზე“,_ ამბობს გელაძე.