თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოგნის წმინდა გიორგის სალოცავთან გიორგობას ყოველ წელს ხალხმრავლობა იყო, წელს კი სალოცავთა მხოლოდ სამართალდამცავები იყვნენ და მრევლს იქ მისვლის უფლება არ ქონდა.
გოგნის მთაზე მდებარე წმიდა გიორგის სალოცავი VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს და მას კარუგდებელის სახელით მოიხსენიებენ. ლეგენდის მიხედვით, სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმიდა გიორგი გამოეცხადა. წმიდანმა მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა. დავრდომილი მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს, რომელმაც ეს ქვა აპოვნინა. მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა. სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი, თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები კლდიდან გადაყარეს. სანამ დაანგრევდნენ, სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა. ამიტომაც უწოდეს კარუგდებელი. მოგვიანებით სოფლის ხუთმა მკვიდრმა ქვები კლდიდან ამოიტანა და ახალი, ოდნავ უფრო დიდი სალოცავი ააშენეს. როცა წმიდა ადგილს მონადირე უახლოვდებოდა, იარაღს რამდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არასოდეს კლავდა.
შესაწირიგიორგობის აღსანიშნად მორწმუნეები წინა ღამით იწყებენ სალოცავზე ასვლას. დღის განმავლობაში სხვადასხვა რაიონიდან მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ყოველ 6 მაისს წმიდა ადგილს ათასობით მორწმუნე სტუმრობს. ბევრ მათგანს წმიდანის სახელზე შესაწირი მოჰყავს.
წყარო: www.ambioni.ge