საქართველოს შრომის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს.
ცვლილების თანახმად, აიკრძალება 6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება.
გარდა ამისა, არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს, ერთ პირს კი უფლება აქვს ერთ დამსაქმებელთან სტაჟირება მხოლოდ ერთხელ გაიაროს.
ცვლილება ასევე გულისხმობს სტაჟიორის დეფინიციის განსაზღვრას:
„სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით“.
კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება.
აღნიშნული პროექტი ბიუროს სხდომაზე ცოტა ხნის წინ წარადგინეს.
ცვლილებების ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა.