„საინვესტიციო ფონდების შესახებ” კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს კანონი იქნება ახალი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ახალი ტიპის ინვესტიციებისთვის, ეს კანონი სჭირდება ქვეყანას”-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ონლაინ დიალოგისას განაცხადა, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ბანკის ჩართულობით გაიმართა. ირაკლი კოვზანაძის თქმით კანონმდებლების მიერ, ექსპერტთა და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით, პირველ საკომიტეტო მოსმენამდე, რომელიც ხვალ გაიმართება, კანონპროექტის განხილვა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ კანონშემოქმედებით პროცესსა და ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ხელს შეუწყობს.
„საინვესტიციო ფონდების შესახებ” კანონის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საინვესტიციო ფონდების განვითარებას, შესაბამისი წესების დადგენასა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენას. კანონი გავრცელდება საინვესტიციო ფონდებზე და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, ადმინისტრირებასთან და აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ” საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის, ინვესტორთა საბჭოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა. ონლაინ დიალოგში საჯარო სექტორის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში რეგისტრირებული ყველა წამყვანი ფონდის ხელმძღვანელებმა და სხვა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.