21 დაღუპული, ორი დაკარგული, განადგურებული საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები _ 13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი შესრულდა.
წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.
სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.
მალხაზ ჭიტაძე; გულიკო ჭიტაძე, გივი დვალი, მარიამ ქუთელია, ნანა ფილიშვილი, ჟანა ეგიაზაროვა, სვეტლანა ეგიაზაროვა, ლიანა ეგიაზაროვა, ინდირა ზარანდია, ნატა ნინაშვილი, ნუგზარ ბუაძე, ნინა შუტკოვა, გურამ პეტრიაშვილი, კარპო ენუქიძე, ზურაბ მუზაშვილი, ივლიტა ჯიბუტი, დავით გაბიტაშვილი, ელიზა ზარანდია, ელიზბარ ბაღაშვილი, ბექა ბუთურიშვილი, სერგო კაპანაძე, სულიკო ნოზაძე, ივანე გელაშვილი _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სტიქიამ შეიწირა.
200-ზე მეტი ადამიანი უსახკლაროდ დარჩა _ ასეთი ტრაგიკული შედეგით დასრულდა კატასტროფული წყალდიდობა თბილისში, რომელიც 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.
სტიქიამ საქართველოს დედაქალაქს, დაახლოებით, 50 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, რომელიც 2010 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მის მშენებლობაზე, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა.