2015 წლის 13 ივნისს მომხადარ სტიქიას ვერეს ხეობაში, 21 ადამიანი ემსხვერპლა; მათგან ორი, დღემდე დაკარგულად ითვლება. ეს თარიღი ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებიზარანდიების ოჯახისთვის ორმაგად ტრაგიკული აღმოჩნდა _ ერთ დღეში ოჯახის ორი ახალგაზრდა წევრი დაკარგეს.
5 წლის შემდეგ, “გურია ნიუსთან“ კიდევ ერთხელ იხსენებს დაღუპული დების _ ლიზი და ინდირა ზარანდიების დედა მანანა ბახია.
ინტერვიუს ჩაწერა ქალბატონ მანანასთან უმძიმესი განცდით – ახალგაზრდა, ჭკვიანი და კეთილშობილი გოგონების საფლავზე მოგვიხდა.
_ ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება… ყველაფერი კარგად არც კი მახსოვს, სიმართლე რომ გითხრათ… 14 ივნისის დილა, რომ გათენდა და ჩემი გოგოები სახლში არ იყვნენ, ძებნა ყველგან დავუწყეთ _ შემოვიარეთ მთელი საავადმყოფოები, სად არ ვიყავით… იმედს არ ვკარგავდი… საღამომდე ცოცხალ შვილებს ვეძებდი, მერე კი გავრცელდა ხმა და მეც მოვკარი ყური, რომ საშინელი სტიქია იყო და გოგოები დაიღუპნენ. პირველი ინდირა იპოვეს მზიურში, რამდენიმე დღის შემდეგ კი _ ლიზი.
_ საზოგადოება დღემდე დანანებით იხსენებს ინდირა და ლიზი ზარანდიებს... კიდევ ერთხელ მოგვიყევით მათ შესახებ…
_ ინდირა რადიო “საქართველოს ხმაში” მუშაობდა და ასევე, მეორე ადგილასაც. ლიზი სტომატოლოგი იყო და ისიც ასევე ორ ადგილას მუშაობდა. ჭკვიანი გოგონები იყვნენ. ყველაფერი დროზე მოასწრეს _ უნივერსიტეეტის დამთავრება, მაგისტრატურა… ყველაფერი რომ გავიარეთ და ბედნიერებას ველოდით, მაშინ წამოგვეწია ეს სტიქია… იმხელა ქალაქში ორი შვილი ერთად დავკარგეთ…
_ინდირას და ლიზის ჰყავს ძმა _ ლუკა, რომელსაც ისინი ზრდიდნენ დიდი სიყვარულით… მოგვიყევით ლუკას შესახებ, რომ საზოგადოებამ გაიცნოს.
_ ლუკა “ილიას უნივერსიტეტის”პირველკურსელია. სწორედ ეს უნივერსტიტეტი დაამთავრა ინდირამაც. ლუკას 50%-იანი გრანტი აქვს, კარგად სწავლობს და დებს არ უმტყუნებს იმედს….
_ უმძიმესია კითხვა: რომ არა 13 ივნისის სტიქია, როგორი იქნებოდა დღეს თქვენი ცხოვრება…
_ ბედნიერი ქალი ვიქნებოდი, შვილიშვილებით სავსე, ჩემს გოგონებს ორივეს თავიანთი ოჯახი ექნებოდათ… უბედნიერესი დედა ვიქნებოდი…