“მარიამი იყო ძალიან მზრუნველი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი“, _ ასე ახასიათებს 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ მარიამ ქუთელიას მისი და, ლიკა ქუთელია.
13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა. ლიკა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მისთვის დღესაც ის დღეა, როდესაც მარიამ ქუთელია და მარიამის უახლოესი მეგობარი ივლიტა ჯიბუტი დაიღუპნენ.
ლიკასთან საუბარი მარიამის შესახებ დავიწყეთ.
ლიკა ქუთელია: “მარიამ იმ პერიოდში თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამას ამთავრებდა. ბავშვობიდან ძალიან წარმატებული იყო. თვალსაჩინო მოსწავლე და შემდეგ სტუდენტი იყო. როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურზე სრული სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. წარჩინებული სტუდენტი იყო და შესაბამისად, სტიპენდიანტიც გახდა. ISET-ში მეორე კურსის ბოლოს პროფესორის ასისტენტადაც აირჩიეს და პირველკურსელ ISET-ელებს სემინარებს უტარებდა. უნივერსიტეტიდან მარიამი შეარჩიეს, რომ აგვისტოში, ჩეხეთში გაევლო ტრენინგები, რათა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში პროფესორის ასისტენტად ემუშავა. ძალიან ბედნიერი იყო, ყველა წარმატება სასწაულად უხაროდა.
იმ პერიოდში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID/REAP, დირექტორი: ლუის ფაორო) სტაჟიორი იყო. პროექტს ახორციელებდა CNFA საქართველო. ძალიან მოსწონდა ამ პროექტში მუშაობა. მარიამის გარდაცვალების შემდეგ სტაჟირების პროგრამას მარიამის სახელი დაერქვა და მის ფარგლებში მარიამის სახელობის საკვლევი გრანტის კონკურსი დაწესდა და ამ ხნის განმავლობაში, ყოველწლიურად მისი სახელობის საკვლევი გრანტი გაიცემა. სტუდენტებს ეძლევათ შანსი, სოფლის მეურნეობის პრობლემატური საკითხების საკვლევად მოიპოვონ ეს გრანტი. ეს ჩვენი ოჯახისთვის ძალიან სასიხარულო ამბავია.
მარიამი წერდა ჩანახატებს, ლექსებს. ფაქიზი ბუნების იყო, უყვარდა გვირილები. სულ ცდილობდა მისთვის საყვარელი ადამიანების გახარებას. მარიამის გარდაცვალების შემდეგ მისი ბლოგი გავაკეთე და ყველა ჩანაწერი გამოვაქვეყნე. ახლა ვფიქრობ, რომ წიგნად გამოვცე. ძალიან მგრძნობიარე და მზრუნველი ადამიანი იყო. მამა ადრე გარდაიცვალა. დედა და მამიდა გვზრდიდნენ, ისინი ახლა ზუგდიდში ცხოვრობენ. მე კიდევ თბილისში ვარ. 13 ივნისის შემდეგ, მომღერალ მირანდა მირიანიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი-აუქციონი. შემოწირული თანხით ბინები გადმოგვეცა ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს. ამ საჩუქრის მიღება ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ამ მტკივნეულ განცდას თან ახლდა მადლიერების გრძნობა. თავად გადმოცემის პროცესი იყო ისე ორგანიზებული, რომ მივიღეთ, როგორც მარიამის საჩუქარი _ თითქოს მარიამი ისევ ზრუნავდა ჩვენზე. დიდი მადლობა ამისთვის ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო“.
მარიამი და ივლიტა ბავშვობის მეგობრები არ იყვნენ. მათ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს და დამეგობრდნენ.
ლიკა ქუთელია: “მარიამი და ივლიტა ერთად სწავლობდნენ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში. სწორედ ამ გაიცნეს ერთმანეთი და ახლო მეგობრები გახდნენ. მარიამი ხშირად მეუბნებოდა ივლიტას შესახებ, რომ ივლიტა ძალიან შრომისმოყვარე და კეთილშობილი გოგოაო. ისინი ხშირად მეცადინეობდნენ ერთად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში…
13 ივნისს ერთად იყვნენ. ორშაბათს გამოცდა ჰქონდათ და ივლიტამ მარიამი მიიწვია მასთან სახლში. პირველად მივიდა ივლიტასთან სახლში იმ დღეს. დღის განმავლობაში კომუნიკაცია ტელეფონით გვქონდა. საღამოს პირას დედა ესაუბრა მარიამს. ძალიან სიმბოლური აღმოჩნდა შემდეგ ეს საუბარი. მაგისტრატურას ამთავრებდნენ, ორი გამოცდა ჰქონდათ დარჩენილი და ამისთვის ემზადებოდნენ. დედამ მარიამს უთხრა: ცოტაც, დედიკო, მორჩები სწავლას და ჩიტივით თავისუფალი იქნებიო. დედა ამბობს, ლაპარაკი რომ დავასრულეთ, გავიფიქრე, რა ბედნიერი ხმა აქვს და როგორ უყვარს ივლიტაო.
ღამის 12 საათზე კი მე დამირეკა, მომიკითხა. სატელეფონო საუბრის დროს უცებ გაკვირვებით თქვა, „წყალი შემოვიდაო“ და თითქოს ეს სხვებსაც გადაულაპარაკა. მე სწრაფად დამემშვიდობა: „კარგი, კარგი, წავედიო“. შემდეგ, როგორც გადარჩენილი დათო ამბობს, სახლიდან ვერ გამოვიდნენ და სწრაფადვე ასულან სახურავზე, იქიდან 40-45 წუთის განმავლობაში ითხოვდნენ შველას. სამაშველო სამსახურშიც რამდენჯერმე დარეკეს, მაგრამ, როცა მაშველი მოვიდა, მარიამისთვის ყველაფერი დასრულებული იყო…
რომ წარმოვიდგენ, როგორ ეშინოდა მარიამს, გული მეწურება, თან რამხელა დროა 40-45 წუთი ასეთ სიტუაციაში ლოდინისთვის. ეს ხუთი წელი ყოველდღიურად მახსენდება და ვფიქრობ 13 ივნისის ღამეზე. თითქოს გუშინ იყო, არადა 5 წელი გავიდა.
ამ ტრაგედიამ დაგვანახა, რომ ყოველთვის გასათვალისწინებელია ექსპერტების დასკვნები. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს კრიზისული სიტუაციების ეფექტურად მართვა. ვფიქრობ, განვითარებულ მოვლენებზე დროული და ადეკვატური რეაგირება აგვაცილებდა ამ ტრაგედიას.