“გუშინ ავთო თურქიას გავყევი აკეთში, ახლადშექმნილი მგალობელთა გუნდის მოსასმენად. მამა მიქაელი (მახარაძე) წირავდა. წირვის შემდეგ ცოტა ვისაუბრეთ და მამაოს აკეთელი დიდი მომღერლების ამბავი ვკითხე – ხუხუნაიშვილების საფლავი ხომ არ იცით სად არისთქო?
მამაომ – ზუსტად არ ვიციო, მაგრამ გაგიგებო და დაავალა სტიქაროსანს საფლავების მოკითხვა.
მესმოდა, როგორ გულმოდგინედ რეკავდა სხვადასხვა თანასოფლელთან სტიქაროსანი, რომ მომღერლების საფლავები ეპოვნა. მაგრამ, დაზუსტებით არავინ იცოდა სად ესვენა ეს დიდი ადამიანები. თუმცა, ყველა ამბობდა, რომ სოფლის პატარა სასაფლაოზე, სადაც ძველად ტაძარი იყოო და სადაც მერე ვიღაცას ხელყუმბარა შეუგდიაო – იქ უნდა ყოფილიყვნენ დაკრძალულნიო, რადგან ხუხუნაიშვილები სწორედ ამ ტაძრის მგალობლები ყოფილანო“,_ წერს სოციალურ ქსელში ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე.
დათო ცინცაძე: ზემო აკეთის ამ პატარა სასაფლაოს პანდემიის კვალი აშკარად ეტყობოდა – არ იყო მოვლილი. შევედით რკინის ჭიშკარში და პირველივე ქვაზე ეწერა ხუხუნაიშვილი. თუმცა ეს, ის მომღერალი არ იყო. მაგრამ, გაგვიხარდა, მივხვდით, რომ საგვარეულო სასაფლაოზე იქვე უნდა ყოფილიყო სხვა “ძმებიც”. მოშორებით საფლავის ქვაზე იკითხებოდა ფიფაიშვილი (ასეთი გვარის მომღერალიც იყო ხუხუნაიშვილებში, რომელიც 37/38-ში დახვრიტეს და სავარაუდოდ ცხედარი არც ჩამოუსვენებიათ. ამიტომ, აქ დაკრძალულთა შორის არ უნდა ყოფილიყო ზაქარია ფიფაიშვილი, მაგრამ საფლავის ქვები სოფლის რამდენიმე გვარს ატარებდა და მათ შორის იყო ფიფაიშვილებიც). გავაგრძელეთ ძებნა. არაა დიდი სასაფლაო და ვიფიქრეთ, რომ მარტივად ვიპოვნიდით.
ძებნის დროს, სადღაც შუაში ვიღაცამ ხმამაღლა წაიკითხა:
– პარმენ ხუხუნაიშვილი!
– კი, კი ეგეცაა. ვუპასუხე მეც.
მივედი, პარმენის საფლავთან, რომელიც იმ მთავარი ხუხუნაიშვილების გზის გამგრძელებლად ითვლებოდა და იქვე ახლოს თვალი სხვა საფლავებსაც მოვავლე და უცებ ფოტო ვიცანი. ახლოს მივედი და აწერია – ბესარიონ ხუხუნაიშვილი. გამიხარდა!!! ეს იყო გამორჩეულად სიმპატიური, მაღალი და ძალიან ძლიერი ბანის მთქმელი.
მეზობელ საფლავზე – ესოფი ხუხუნაიშვილი ეწერა. მივხვდი, ეს იყო ხუხუნაიშვილების მაღალი ხმა. იგივე იოსებ ხუხუნაიშვილი. ძალიან გავიხარეთ!
გავაგრძელეთ სხვა ხუხუნაიშვილების ძებნა. უნდა გვეპოვნა ალმასხანი – მოკრიმანჭულე, კოწია – ხელმძღვანელი, რაჟდენი – ბანი და სერაფიონ კულულავა – მთქმელი.
რომ ვიკითხეთ სად შეიძლებოდა მათი საფლავების ნახვა, ეკალ-ბარდებისკენ და გატყევებული, გაუვალი ადგილისკენ იშვერდნენ ხელს იქაურები – ალბათ აქეთ იქნება დანარჩენი ხუხუნაიშვილებიო.
როგორც გითხარით სასაფლაოზე, ეკლესიის ნანგრევები დგას, რომელიც იმავე სოფლის ქვებით იყო აშენებული და ადრე ვიღაცას ხელყუმბარა შეუგდია. სწორედ აქ, ამ ტაძარში გალობდნენ ხუხუნაიშვილები. თუმცა, ბალახს, ხეებს და სუროს შეეჭამა გამორჩეული ხუროთმოძღვრების ნიმუშიც.
ვფიქრობთ, დანარჩენი გუნდის წევრების საფლავებს მაინც ვიპოვით, მაგრამ, საქმე იცით რაშია?
არ დავაკონკრეტებ ვინ, მაგრამ ჭკუასაკითხავმა კაცმა იქვე თქვა: “ბოდიში მარა, გურიაში რომ იტყვიან ძაღლი და ღორი მიგაკვდა საფლავშიო ასე მოუვლელია აქაურობაო”.
ვის რა უნდა ვუთხრა, როცა მე თავად ვარ ამ კულტურის “მუშაკი”. მაგრამ, რთული იყო აღმომეჩინე, რომ, უდიდესი ქართველი მუსიკოსები, რომელთა ჩანაწერებიც მსოფლიოს იშვიათ არქივებს ამშვენებს, რომელთა იმპროვიზაცია გასცდა “მუსიკალურ გალაქტიკას”, კრიმანჭულში “გადაიკარკაცეს” და მსოფლიოს დღემდე დაუჯერებლად ეჩვენება მათი ბუნებრივი იმპროვიზაციული მღერა – სწორედ ასეთი მუსიკოსების, “ხუხუნაიშვილების” საფლავი კაცმა არ იცის დღეს რა დღეშია.
როგორც გითხარით, მივაგენით რამდენიმეს საფლავს. ვაპირებთ გავწმინდოთ, მოვუაროთ, როგორც შევძლებთ ისე. თუმცა უნდა ვთქვა, რომ სხვა დანარჩენების საფლავის ძიება არც გაგვიგრძლელებია იმდენად გაველურებულია იქაურობა და “კორონა” ნამდვილად არაფერ შუაშია. ამ ვირუსს უმადურობა ქვია და არა სხვა რამ.
ნუთუ 10 გვარზე მეტი გვყავს ამ დონის საოჯახო გუნდები? არადა 5 თუ გვყავს საკითხავია…
ამ ეკლესიას უსათუოდ აღდგენა ჭირდება, ხუხუნაიშვილების საფლავებს მოძებნა, კულტურის ცენტრს, სამინისტრის და კიდე რამდენიმე ორგანოს შემოლაწუნებაც ვერ უშველის, თუმცა არ აწყენდა.
ჩვენ ოჯახებსაც ვეკონტაქტებით და დაკარგული აქვთ ფაქტობრივად საფლავები, მაგრამ ეს ხალხი მარტო თავიანთ ოჯახებს არ ეკუთვნის. ესენი ერის საგანძურის შემქმნელები არიან და შესაბამისი დაფასება სჭირდებათ.
მოკლედ, სამწუხაროა, ხან ვინ რას ვქადაგებთ და ხან რითი მოგვაქვს თავი, ხან რაზეა სასამართლო დავა და რისთვის სცალიათ – როცა გამორჩეულად დიდი ხელოვანების საფლავებს ვკარგავთ. ახლა ასე რომ გავაგრძელო ფიქრი და მსჯელობა, სიბრაზე დააზიანებს საქმეს.
თუმცა უნდა ვთქვა, მე რომ თავის შეცნობას ვიწყებ, ადგილს ვეძებ სად დავემალო საკუთარ თავს. მაგრამ, ხან ეს “მე”, ჩვენ ვართ და “ჩვენ” – “მე” ვარ!
ამიტომ ყველაფერს საქმის კეთება ჯობია! საფლავები მოვძებნოთ, გავასუფთავოთ და ეკლესიას მივხედოთ არა მხოლოდ ტაძარში, არამედ ხალხშიც და ერთმანეთთან ურთიერთობაშიც.
ვისაც გინდათ, ვისაც გაგიხარდებათ, ვინც გრძნობთ, რომ ჩემსავით შეგრცხვათ და გცალიათ – შემოგვიერთდით.
ოთხშაბათს მივდივარ ლანჩხუთელ მომღერლებთან და ხუხუნაიშვილების სალოტბარო სკოლის უფროსი მოსწავლეებთან, თურქიებთან, მამა მიქაელთან და სხვა მეგობრებთან ერთად იქაურობის მოსაწესრიგებლად.
გუშინ მამა მიქაელმა ჩაატარა პანაშვიდი. ჩვენც ვიგალობეთ და მგონი, ახლა მთავარი სურვილის სიმძაფრეა და ყველაფერი გამოვა.
რომ დასრულდება, პირველი ეტაპი, შემოქმედელ მგალობლებს გთხოვთ – ყველამ ერთად დავაყენოთ წირვა ხუხუნაიშვილების სახელზე და ვიგალობოთ ისე, როგორც შეგვიძლია, თუ ამის სურვილი თქვენც გექნებათ”.