საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა, 2 შემთხვევა საკარანტინე ზონიდანაა, ერთის წყაროს კვლევა კი მიმდინარეობს.
საერთო ჯამში დადასტურებულია 911 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 761 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 2622 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 255. საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.