„საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა, მნიშვნლოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული დემოკრატიის მშენებლობის გზაზე“, – ასე აფასებს საკონსტიტუციო ცვლილებებს „გურია ნიუსთან“ საუბრი დროს პარტია “ლელო საქართველოსთვის” გურიის პოლიტიკური კურატორი გიორგი სიორიძე.
მისივე თქმით, ეს მიღწევა პირველ რიგში ქართული საზოგადოების შემდეგ ჩვენი დასავლელი პარტნიორების და ოპოზიციური სპექტრის ძალისხმევის დამსახურებაა, ყველაზე ბოლოს კი- „ქართული ოცნების“, რომელსაც ამ რეფორმაში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის როლი აქვს, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებების არგატარება მათი პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნებოდა.
„შესაბამისად, მათი მხრიდან ამ გამარჯვების დაჩემება, ღიმისლისმომგვრელია. მოქმედმა ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებათა მსგავსად, არ გამოავლინა პოლიტიკური ნება და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ის მანკიერი შერეული საარჩევნო სისტემა, რომლის მეშვეობითაც 2016 წელს 48%-იანი მხარდაჭერის მქონე სახელისუფლებო პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. სამართლიანი, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება, რომლის მეშვეობითაც გავრილოვის სასირცხვილო ღამით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი დროებით ჩააცხრეს, „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა. 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და მიგვეღო ახალი საარჩევნო მოდელი პროპორციული და მაჟორიტარული კომპონტენტების 120/30-ზე თანაფარდობით, რომლითაც ფაქტობრივად ორჯერაა შემცირებული ძველი სისტემის ის რისკები, რომლებიც ამომრჩეველთა ნების საპარლამენტო მანდატებში გარდასახვას შეეხება. შესაბამისად, ახალი სისტემა წინასთან შედარებით ორჯერ უფრო სამართლიანია. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებები მისასალმებელი და ჩვენი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა“,_ გვითხრა გიორგი სიორიძემ.
ამ ცვლილების შემდეგ მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება? – ამ კითხვაზე გიორგი სიორიძემ გვიპასუხა:
„საარჩევნო სისტემის ახალი კონფიგურაცია არ არის საკმარისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის. მართალია, კონსტიტუციის დონეზე მაჟორიტარული ოლქების შემცირება ამცირებს ხალხის ნების არასამართლიანი გამოხატვის რისკებს, თუმცა თვითონ არჩევნების პროცესს ახლავს ძალიან ბევრი ჩრდილოვანი მხარე. საარჩევნო სისტემის რეფორმა, კონსტიტუციის ცვლილების გარდა, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებსაც გულისხმობს, რომლითაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობები, საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოვლენისთვის ხელის შეშლა (როგორიცაა, მაგალითად, საარჩევნო უბანზე გარკვეულ რადიუსში ხელისუფლების არაფორმალურ წარმომადგენელთა საქმიანობა) თავიდან უნდა იქნეს აცილებული. საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალე და სამართლიანი დაკომპლექტება. ეს ყოველივე ცვლილებეთა საკამოდ ფართო პაკეტს გულისხმობს, რომელზეც პარლამენტი მომდევნო დღეებში იმსჯელებს. როდესაც გვეცოდინება, როგორი ფორმით გვექნება ახალი საარჩევნო რეგულაციები, მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი იმის შეფასება, რამდენად უნდა ველოდოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.“