ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში (ვაკიჯვრის თემი) წყალგაყვანილობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. სამუშაოებს კომპანია შპს “უნივერსალ ჯორჯია 2008” ახორციელებს. პროექტი წელიწადნახევრიანია და მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.
მუშაობის პროცესში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მოსახლეობის წარმომადგენლები გამუდმებით ლაპარაკობენ კომპანიის მიერ უდიერად შესრულებულ სამუშაოზე. კონკრეტულად კი, ამბობენ, რომ მშენებლები აზიანებენ ძველი წყალგაყვანილობის მილებს, რის გამოც წყალი იღვრება, აუზი იცლება და ასეთ გვალვაში ხალხი უწყლოდ რჩება.
_ სათავე ნაგებობიდან მომავალ მილს ფამფალეთის ტერიტორიაზე ერთგან დამაგრებული ჰქონდა “არკა”. ეს თაღი არეგულირებდა სხვადასხვა უბანში წყლის თანაბრად მიწოდებას. ამათ კი დააზიანეს მუშაობის დროს, გაგლიჯეს ეს “არკა” და გააკეთეს უფრო მაღალი. სინამდვილეში კი სოფლის გამგებელმა, გიორგი მდინარაძემ თავის სახლში შეაყვანინა და ჩვენ ასე დაგვტოვა, _ გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა მანანა მჟავიამ.
ადგილზე მოსულმა მერის წარმომადგენელმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს იყო სიცრუე და მოითხოვა, მის სახლში წავსულიყავით და გვენახა, რომ “ტყუილს მოკლე ფეხი აქვს”:
_ ხალხო, ჭა მაქვს. ეს წყალი ჩემთან საერთოდ არ შემოდის. რაც შეეხება კომპანიის უდიერ მუშაობას, ახლახან მივმართე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ასევე, კომპანიის ხელმძღვანელებს არა ერთხელ ვესაუბრე. ამასთანავე, გვალვაა, წყლის დებეტმა იკლო, ხალხი გაღიზიანებულია, მაგრამ მე რატომ მაბრალებთ? უსამართლოდ გინდათ, კისერში მწვდეთ, მაგრამ ვერ მოგართვით! საკმაოდ სქელი კისერი მაქვს, რომ იცოდეთ, _ უთხრა მან მჟავიას და შეახსენა ისიც, რომ თვითონ დიდხანს არ ცხოვრობდა სოფელში, მერე ჩამოვიდა და ახლა ყოველთვის მას უპირისპირდება.
თავის მხრივ, მანანა მჟავია და მირანდა დგებუაძე დაჟინებით მოითხოვდნენ, ადგილზე მოსულიყვნენ კომპანიის წარმომადგენლები და ამომწურავი პასუხები გაეცათ მათ კითხვებზე;
_ ჩვენთან წყალი იყო გამოყვანილი ძველი დროიდან. ახლა ამ წყალს ტექნიკური წყლის სახელით იცნობენ და კარგია თუ ცუდი, სანამ ახალი არ გაკეთებულა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. როცა კომპანია ახალ გაყვანილობას აკეთებს, ბუნებრივია, სადღაც დაზიანება მოხდება, თუმცა, ის მაშინვე უნდა გააკეთონ. ესენი კი მიყოლებით აზიანებენ ყველგან, თან ტოვებენ ასე დაგლეჯილს და დაზიანებულს. როცა მეტი პასუხისმგებლობა არ აქვთ, ვიღაც თავზე უნდა დაადგეს _ ან მათივე ხელმძღვანელი, ან სოფლის ხელმძღვანელობის რომელიმე წარმომადგენელი, _ ამბობდნენ ადგილზე მოსული ფამფალეთელები და მიუხედავად მრავალგზის შეხსენებისა, გიორგი მდინარაძის მხრიდან, რომ კომპანიის ხელმძღვანელებს წინა დღესაც ესაუბრა, მაინც დაჟინებით ითხოვდნენ, სასწრაფოდ გაეუქმებინათ ე. წ. “არკა”.
მათი თქმით, სწორედ ამ მაღალმა “არკამ” დააბრკოლა მილში წყლის მიმოქცევა. უფრო მეტიც, ადგილობრივებს მუშებმა უთხრეს, რომ ეს ყველაფერი მერის წარმომადგენლის, გიორგი მდინარაძის დავალებით გააკეთეს.
გაბრაზებულმა მდინარაძემ ტელეფონში ე. წ. “სპიკერი” ჩართო და სასწრაფოდ დაურეკა კომპანიის წარმომადგენელს, რომელსაც ჰკითხა, რატომ იცრუა. თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ არავის დაუვალებია მისთვის “არკის” დაშლა ან პირიქით _ გაკეთება:
_ მოხდა ისე, რომ როცა წყალგაყვანილობა გაგვყავდა, უნებურად დავაზიანეთ ის პატარა თაღი, რომელიც მანამდე იყო იქ გაკეთებული და წყლის წნევის დარეგულირებას უწყობდა ხელს. ამიტომ თავადვე გავაკეთეთ. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ეს უფრო მაღალი გაგიკეთებიათ და ჩქარა დაშალეთო. უცებ ვერ დავშალეთ. თან გვალვაა და წყალმა ძალიან დაიკლო. ამიტომ “არკა” არ არის უწყლობის მთავარი მიზეზი. კარგი, ბატონო, მაგასაც გავაკეთებთ. უცებ არ ხერხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ხომ ყოველდღე ვმუშაობთ და დრო ხომ უნდა ვნახოთ, რომ ესა თუ ის საქმე გავაკეთოთ, _ თავის მხრივ, თავს იმართლებდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მდინარაძეს ესაუბრებოდა.
_ მე ახლა ჩამოგიყალიბებთ ოთხ მიზეზს, რატომ არის ასე ცოტა წყალი. უპირველესი _ გვალვაა და ძალიან ცოტაა წყლის დებეტი. მეორე _ რამდენიმე ადგილზე გახეთქილია წყლის მილები. მესამე _ ეს “არკა” ამხელა არ უნდა გაკეთებულიყო. ბევრიც რომ იყოს წყალი, მაინც გაუჭირდება “გაგნება”. როცა წყალი კარგად მოდიოდა, ხომ გახსოვთ, რომ ეს “არკა” ხელს არაფერს უშლიდა, ახლა რომ ამოიჩემეთ? რატომღაც მე რომ მაბრალებთ. უმთავრესი მაინც გვალვაა და ერთი გაწვიმება უფრო ადრე გადაჭრის ამ პრობლემას, ვიდრე ჩვენ ყველა ერთად, _ უთხრა შეკრებილებს გიორგი მდინარაძემ.
ადგილობრივმა მცხოვრებმა გოგი ჩანჩიბაძემ ისაუბრა უწყლობის პრობლემაზე და თქვა, რომ ეს ახალწარმოშობილი მიზეზი არაა:
_ პირიქით, ადრეული პერიოდიდან იწყება წყლის მილების მოძველების და დახეთქვის ამბები. ახლა აკეთებენ, მაგრამ გაკეთება თუ არ დასრულდა, მამაზეციერს არ შეუძლია, ორ დღეში წყალი მოგვცეს. ადრე ხალხი უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს _ რომ გაფუჭდებოდა, მივდიოდით, ვნახულობდით, სად იყო დაზიანებული და ვაკეთებდით. მარტო მე რამდენი მირბენია ამისთვის. ახლა რომ დაწყდება წყალი, რატომღაც ჰგონიათ, რომ ვიღაც გადამთიელი უნდა მოვიდეს და გაუკეთოს. თავად კი ხელი არ გაანძრიონ. არაა ახლა ასე. სხვა დროა. თუ არა, უნდა დაველოდოთ, როდის გაკეთდება ახალი გაყვანილობა, _ თქვა მან.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის საკრებულოს წევრს სოფელ ვაკიჯვრიდან, ვახტანგ (ბაჩანა) ნიჟარაძეს ესაუბრა. თავის მხრივ, ნიჟარაძემ თქვა, რომ გამუდმებით ადევნებს თვალს სოფელში ამ პრობლემის მოგვარების საქმეს.
_ ახლა ხალხი გაღიზიანებულია უწყლობის გამო, რადგან ძალიან არის შემცირებული დებეტი. დიდი ხანია, გვალვაა, რაც იშვიათად ხდება. როგორც მე ვიცი, ბევრ სოფელშია ასეთი პრობლემა. რაც შეეხება “არკას”, კომპანიის მიერ დაზიანდა და თავადვე უნდა გაეკეთებინათ. თუმცა, უფრო მაღალი გაუკეთებიათ და არა ერთხელ ვუთხარი, რომ უნდა დამოკლდეს. გია მდინარაძის უბანში ეს მილი არ შედის და სიცრუეა, რომ მან დაავალა თაღის გაკეთება. ვინც ამას ამბობს, ხომ შეუძლია იქვე, ათი მეტრი მანძილი გაიაროს და ჩავიდეს მდინარაძის ეზოში, რომ დარწმუნდეს სიმართლეში?! ასე ლაპარაკი არ შეიძლება.
პროექტი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, მასშტაბურია _ ერთი თემის ოთხი სოფელი მომარაგდება წყლით და მომავალ წელს უნდა დასრულდეს. წყლის გაყვანას, რეზერვუარების მშენებლობას ახლავს მომენტები, როცა შეფერხებები წარმოიშობა ხოლმე. საქმის კურსში ვარ. ახლა მთავარი მიზეზი მაინც გვალვაა. წყალმომარაგება მესამედიც აღარაა. თან მილი რომ გასკდება ან მშენებლობისას ზიანდება, ორმაგად ღიზიანდებიან აქ მცხოვრებლები და სამართლიანადაც. მე თვითონ დავდივარ ტყე-ღრეში, როცა მილები დახეთქილია. ხალხმაც უნდა იზრუნოს, როცა გასაჭირია, ერთმანეთს ხელი შევაშველოთ, _ გვითხრა ნიჟარაძემ.
როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, სოფელ ვაკიჯვარში მერის წარმომადგენელს გიორგი მდინარაძეს ნამდვილად აქვს ოზურგეთის მერიაში განცხადება შეტანილი, სადაც მითითებულია კომპანია შპს “უნივერსალ ჯორჯია 2008”-ს მუშაობაში უხეში დარღვევების შესახებ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჭიროა, მოთხოვონ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, მეტი პასუხისმგებლობით იმუშაონ ასეთი პროექტის გახორციელებისას.
“გურია ნიუსი” თვალს მიადევნებს ვაკიჯვრის თემში წყალსადენის მშენებლობის პროცესს, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.