ბევრმა იცის, რომ გურულ თემატიკაზე ვმუშაობ (არა მარტო მოჯირითეებსა და ფირალებაზე), გურული ამბებს ვაგროვებ და შესაბამისად, ხშირად გურულები მიგზავნიან საკუთარი ოჯახის ისტორიებს, რისთვისაც მადლობელი ვარ. დღეს მინდა შემოგთავაზოთ პატარა ნაწყვეტი თამარ მჟავია-დოლიძის მოგონებიდან, რომელიც მომაწოდა მისმა შვილმა ბატონმა ნუგზარ დოლიძემ.
ბაბუა – ანტონ ელიაძე დიდი ვაჭარი იყო… ოზურგეთში მთელი კვარტალი მაღაზიები და ორი სახლი ჰქონდა. სოფელ უჩხუბშიც (ახლანდელი ცხემლისხიდი) სახლი ჰქონდა „ბელეტაჟზე“. (ახლა ეს სახლი და სამოსახლო შემოგვრჩა მის შთამომავლობას). ბახმაროზეც სააგარაკო სახლი ჰქონდა. სოფელში მის ეზო-მიდამოს ამშვენებდა მარანი-სახლი, ბეღელი, ნალია, სამზადი-სახლი და ბოსელი მსხვილფეხა საქონლისათვის. მოსამსახურე პერსონალი – „გოგო-ბიჭებიც“ არ აკლდა. ოზურგეთში ყველაფერი კომუნისტებს ჩამოურთმევიათ. მე მხოლოდ ის მახსოვს, რომ მიუხედავად ამისა, ბაბუას ეკონომიურად არ უჭირდა. ბაბუა აზნაური იყო და სოფლის მიწების თითქმის ნახევარი მისი შეძენილი იყო, რომელზედაც ბევრი გლეხის ოჯახი დაუსახლებია. ღარიბ ოჯახში ბიჭი რომ დაიბადებოდა ბაბუა უნათლავდა და სამოსახლოს აძლევდა. მაგრამ მარტო მიწის გამოყოფა ღარიბ კაცს რას უშველიდა? და ბაბუაც ნათელ-მირონის საბაბით ხელს უმართავდა. დღესაც სოფელში ბევრი ოჯახი მადლიერებით იხსენებს ბაბუას და ამბობენ ჩვენ ანტონ ელიაძის მიწაზე ვცხოვრობთ, მისი დასახლებული ვართო.
ბაბუამ მიწა კი ჩამოურიგა ღარიბ გლეხობას, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ღარიბს მარტო მიწა რას უშველიდა. ჩვენს ირგვლივ 7 ოჯახი ცხოვრობდა. აქედან, 3 – შედარებით შეძლებული იყო – სახლიც ედგათ და საკვების უქონლობასაც არ უჩივოდნენ. დანარჩენი ოთხი კი სიდუხჭირეში ცხოვრობდა. ამათგან, ერთ მეზობელს, დომენტი ბიძიას და მის მეუღლეს – მატრონე დეიდას 7 შვილი ჰყავდათ და წესიერი ღამის გასათევიც კი არ ჰქონდათ. სამზადისი სახლი იყო წნელით შეღობილი და შელესილი. მე იმათ ბავშვებთან ხშირად ვთამაშობდი. ძალიან მიყვარდა მატრონე დეიდას დამზადებული კერძები. მატრონე დეიდა ლობიოს გააკეთებდა და ღომს ჩააზელდა, მერე გაშლიდა დაბალ, ოთხფეხა მაგიდას (ტაბლას), თიხის ჯამებით ლობიოს ჩამოგვირიგებდა და მაგიდაზე (პირდაპირ ფიცარზე) შემოგვიწყობდა ღომს. ისეთი გემრიელი იყო ენით არ აიწერება. სახლში მეჩხუბებოდნენ: იმათ თავისი სამყოფი არა აქვთ და შენ-ღა აკლიხარო, მაგრამ მე მაინც არ ვიშლიდი. აბა, ჩვენთან, ნაირნაირი საჭმელებით გაივსებოდა მაგიდა. ღვინო და ტკბილი სასმელები მოგვერთმეოდა პერსონალურად, სალფეთქები და დანა-ჩანგალი. ბავშვებისთვის პატარა ტევადობის ჭიქები, რომლითაც სადღეგრძელო უნდა გვეთქვა – “დიდება ღმერთსა, ღმერთმა შეგვეწიოს, ვიცოცხლოდ”. ბავშვებისათვის ღვინო ერთი ჭიქის მეტი არ შეიძლებოდა. ბაბუაც ბევრს არ სვამდა, მაგრამ, უღვინოდ მაგიდასთან არ დაჯდებოდა. სადილის შემდეგ ლოცვა-კურთხევით გაგვისტუმრებდა ეზოში სათამაშოდ. იგი დიდი მორწმუნე კაცი იყო, კედლები ხატებით ჰქონდა მოკაზმული.
მეორე მეზობელს ებე და ნესტორი ერქვათ. 6 შვილი ჰყავდათ. იქაც მიყვარდა მირთმევა, მაგრამ საინტერესო იყო იმათი საკვები. დიდ ჯამზე დაასხამდნენ ტყემალს (ზამთრისთვის ტყემალს ჭურში ინახავდნენ), თუ ჰქონდათ, კარტოფილს ან წიწილს მოიტანდნენ (აბა რვა ადამიანს რა ეყოფოდა?). დიდი კეცი მჭადი და, ძირითადად, ტყემალი იყო მათი საკვები. იქიდანაც ძალით მოვყავდი ნინას (ჩვენი ოჯახის დამხმარე ქალი).
მესამე მეზობელი იყო მეჩონგურე მაქსიმელი. ოთხი შვილი ჰყავდა – სამი ბიჭი და ერთი გოგო. მახსოვს, დაუბრძანდათ წითელა (მე იმ ოჯახში არ დავდიოდი, ჩემი თანატოლი არავინ იყო), მაგრამ რადგან წითელა მოხდილი მქონდა, ბებიამ მე და ნინა გაგვიშვა დატვირთული (ახალგაზრდებს დედა არ ჰყავდათ): ადუღებული რძე, ღვინო, დასაცივებული დედალი, ღომი, ყველი, ფაფა, ხილი. ეზოში რომ შევედით, ჩონგურის ხმა შემოგვესმა (მე ძალიან მუსიკალური ბავშვი ვიყავი), ისე შევხტი იმათ ფიცრულ ქოხში, უკან არ მომიხედავს. ამ დაბალ ფაცხაში მიწაზე ეგო ფიცრები, ფიცრებზე ეყარა სიმინდის ჩალა, ჩალაზე დაფარებული იყო ძონძები რომელზეც ოთხი ავადმყოფი იწვა ერთად და მაქსიმელი ჩონგურზე “ბატონებო მოუოხე”-ს ამღერებდა. ამ სურათის შემხედვარი, ტირილი ამივარდა, ძლივს გამაყუჩეს და ნინამ სასწრაფოდ სახლში წამომიყვანა.
ფოტოზე ანტონ ელიაძის ოჯახი (1905 წელი).