საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომლის მიხედვით ფერმერებს ერთი ლარის ფასდაკლებით სთავაზობდნენ დიზელის საწვავის შეძენას, დღეს ეს შეღავათი, მაქსიმუმ, 32 თეთრს შეადგენს და ბენეფიციარები უკმაყოფილებას არ მალავენ. ისინი განსაკუთრებულ გულისწყრომას ბანკებსა თუ ბენზინგასამართ სადგურებში, რიგში დგომისას, გამოხატავენ:
_ზუსტად ერთი ლარის ოდენობის შეღავათს შეგვპირდნენ, მერე რომ მივხვდით, გვატყუებდნენ, ერთ ლარამდე გეხმარებოდითო. ახლა 1,48 თეთრს ვიხდით და სულ ერთი ლიტრი დიზელის საწვავი 1,87 ლარი ღირს. რა გამოდის? 39 თეთრია შეღავათი. თან ყოველ კვირაში აკლებენ. რა ჰქვია ამას, თან ახლა ვის სჭირდება საწვავი. ყანები დახნულ-დათესილია. მოსავლის აღების და შეშის მოჭრის სეზონი ჯერ არ არის. სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ, დიზელის საწვავზე ლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე რომ ჩამოსწიეს. ტყუილია საქმე, თორემ არც მაგას გვაძლევდნენ და კი ვიყავით. როდის დასრულდება თვალლთმაქცური ტყუილები ამ ქვეყანაში? -გვეუბნებიან ფერმერები: სერგო ბოიაჯანი, ალექსანდრე ხინთიბიძე, გიორგი ლომჯარია, თინა ვაშაყმაძე და სხვები.
მართლაც, როცა პრემიერმა წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა, კონკრეტულ მიმართულებაში „ზრუნვა სოფელსა და ფერმერეზე“, ქვეთავში, „პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია“, ნათქვამი იყო, რომ: „პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადეობრივ ცენტრებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის (,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”) ფასდაკლების ბარათები. აღნიშნული ბარათებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს, შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიზელის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ფიქსირებულ ფასზე, დაახლოებით, 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძინონ. საწვავის შეძენა შესაძლებელი იქნება „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას” საბითუმო ბაზებიდან და ავტოგასამართი სადგურებიდან.“
„გურია ნიუსი“ კვლავ დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს. აქ მოგვცეს საშუალება, პროგრამის კოორდინატორთან, ლევან მიროტაძესთან გვესაუბრა.:
ლევან მიროტაძე ადასტურებს, რომ ახლა ნაკლებია შეღავათი და ის 32 თეთრს შეადგენს. თუმცა, ამას ასე ხსნის:
_ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში როცა გახორცილედა პროექტი, ბენზინგასამართ სადგურებზე 1,90 ლარი ღირდა დიზელის საწვავის ფასი. პროექტის მიხედვით კი _ 1,10 ლარი. ჩვენი მიმართვის საფუძველზე მხოლოდ „სოკარმა“ შემოგვთავაზა იდეალური ფასი, ტენდერის ფარგლებში. თუმცა, ყოველ თვეში იცვლება საწვავის კონსოლიდირებული ფასი. როცა დავიწყეთ პროექტი, მაშინ ფასი დაბალი იყო. დღეისთვის კი კონსოლიდირებული ფასი 1,66 ლარია. ახლა გამოდის შეღავათი 32 თეთრი. ეს შეღავათი წლის ბოლომდე გვაქვს გადანაწილებული და სავარაუდოდ, საწვავის ფასი უფრო დაიწევს. ციგრებით რომ ვისაუბროთ, ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი, – გვითხრა მან.