ახლახან, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, ექადიის უბნის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აქ შპს „არერსა მეთალის“ მიერ, მეორადი ნედლეულისგან ფერადი ლითონების (ალუმინის სხმულების) წარმოების საწარმოს (ნარჩენების აღდგენა) მშენებლობას და ექსპლოატაციას.
„უარი ტოქსიკურ ნაჩენებს!“, „მოვითხოვთ საჯარო განხილვას“ _ აქციაზე, უფროსების მიერ შედგენილი პლაკატები, აქვე მცხოვრებმა ბავშვებმა გამოიტანეს.
_ არ დავუშვებთ აქ ამ საწარმოს გახსნას. ერთი წელი ვიბრძოლეთ, რომ ტყვიის საწარმო გაჩერებულიყო, რომელიც აქ ინდოელებს ჰქონდათ. სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო სიტყვით ტურიზმს ავითარებს, გარემოს დაცვაზე აგიტატორობს, საქმით კი ამ ალუმინის ნარჩენის კვამლით უნდა ამოგვხადოს სული. გადაეცით მაგ დავითაშვილს, ჩამოი, ნენა, ამ ქარხნის გვერდით აგიშენებთ „სარაიას“, იცხოვრე აქ და ისუნთქე ამ ჰაერით-თქო. არ გვინდა, გაიტანონ აქედან, _ თქვა თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა ცისანა ჩანტლაძემ.
აქციის მონაწილეებმა: ავთო ბერიშვილმა, ხათუნა ცირეკიძემ, ქეთევან დოლიძემ, ნატო გობრონიძემ, ხათუნა გულბიანმა და სხვებმა ერთობლივად გამოხატეს პროტესტი, რომ საწარმომ აქ მუშაობა არ დაიწყოს.
_ ჩვენ მთავრობის წინააღმდეგი კი არ ვართ, მთავრობას მოვუწოდებთ, დაგვიდგეს გვერდით. ერთი პატარა სკვერი არ აშენდა აქ ბავშვებისთვის. ახლა, როგორც იქნა, უნდა გაკეთებულიყო და გვერდით ასეთი საწარმო უნდა იქნეს? არ გვჯერა, რომ ეს უვნებელი იქნება. არ დავანებებთ აშენებას,_ ვინმეს ჰკითხეს?! _ ჩუმად მიიღეს გადაწყვეტილება, ყველაფერი დაამტკიცეს და ბოლოში უჩვენოდ გავიდნენ. არ გავჩერდებით. ერთიც იცოდნენ, აქ ჩვენ არც ერთი პარტია არ მოგვიწვევია. ვუხმეთ მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატს. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური აქცია და არც პოლიტიკური ლიდერების გამოსვლა გვინდა, _ თქვეს მათ და განმარტეს, რომ აქციაზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე მათ არ მოუწვევიათ.
თავის მხრივ, დავით მჟავანაძემ განმარტა, რომ მას, როგორც საკრებულოს წევრს, აქვს უფლება, მივიდეს აქციაზე.
_ ოცნების დეპუტატი თუ უნდა იყოს, მე რატომ არ უნდა ვიყო?! _ თქვა მან.
_ შენ აქ მოსვლით აფუჭებ საქმეს. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. აქ ხალხი პროტესტს პოლიტიკურად არ გამოხატავს. შენ გამოხატვა თუ გინდა, ამ ფონზე ნუ გამოხატავ. წადი და სადღაც იქით გამოხატე, _ შეეკამათა მჟავანაძეს აქციის მონაწილე ავთო ბერიშვილი.
აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ და მოუწოდეს ადგილობრივებს, არ დაუშვან საწარმოს გახსნა, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრომ სკოპინგის ანგარიში ხალხს არ გააცნო და ისე გადაწყვიტა მეორადი ნედლეულისგან ფერადი ლითონების საწარმოს მშენებლობა.