ადრეულ მუნჯ ფილმებში მსახიობის წარმატებას პირველ რიგში მისი გარეგნობა, ტიპაჟი განაპირობებდა (სწორედ ასე იყო კარიერის დასაწყისში ვაჩნაძის მაგალითზეც), მას განთქმული რუსი მსახიობის, ვერა ხალოდნაიას ასლს უწოდებდნენ, მაგრამ მხოლოდ გარეგნობა ბევრს ვერაფერს შველოდა თუ ღმერთისგან ნიჭი არ მოსდევდა. ბევრი მსახიობი კინოაპარატის წინ სასაცილოდ ‘’იტყლარჭებოდა’’, თამაშის დროს იყო გადაჭარბებული თვალების ბრიალ-ტრიალი, კიდურების ქნევა და გადამეტებული ჟესტიკულაცია (რა ვთქვა და ასე თანამდეროვე ქართველი მსახიობების უმრავლესობა ,,თამაშობს”). რადგან ეკრანიდან ხმა არ ისმოდა, მსახიობები ხშირად, რაც თავში მოუვიდოდათ იმას იძახდნენ, მათ შორის უწმაწურ სიტყვებსაც. ერთხელაც ,,გომონის” ფირმას პოლიციიდან გამაფრთხილებელი შინაარსის წერილი მიუვიდა. თურმე ფილმების საყურებლად სმენდაქვეითებული სკოლის მოსწავლეები დაჰყავდათ. ფილმის ყველაზე დრამატულ მომენტში კი ისინი იწყებდნენ ხმაურსა და ხარხარს, საქმე იმაში ყოფილა, რომ მათ შეეძლოთ ტუჩების საშუალებით კითხვა და ასე ვთქვათ, ესმოდათ ვინ რას ამბობდა. ამის შემდეგ, როგორც ფრანგი მსახიობი რენე ნავარი იხსენებს, ჩვენ ბევრად უფრო თავდაჭერილები ვიყავითო.
იყო სხვა უკიდურესობაც, მსახიობები ცდილობდნენ ტუჩების ზუსტი მოძრაობით აუდიტორიისათვის სიტყვების მნიშვნელობა მიეწოდებინათ, თუმცა სამსახიობო ტექნიკის განვითარებასთან ერთად ეს ,,მეთოდი” წარსულს ჩაბარდა. ნატო ვაჩნაძის მოგონებების მიხედვით შინაგანი განწყობის გადმოსაცემად დადგენილი იყო ფორმულების მთელი წყება, წარბების აწევა, ბაგეთა კუთხეების ძირს დახრა – ნიშნავდა ტანჯვას, მოკუმული ტუჩები, სწორი წარბები –ზიზღს, ნახევრად გაღებული პირი, მრგვალი თვალები – გაკვირვებას და ასე შემდეგ. ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად მაყურებელთა მთელი ყურადღება საყვარელ მსახიობზე, აუდიტორიის კერპზე იყო ფოკუსირებული და სუსტი, უღიმღამო სცენარი და რეჟისურა განზე გადადიოდა. იმ პერიოდში კინოგადაღებები ლამის მთლიანად იმპროვიზაციაზე იყო დაყრდნობილი. ,,სცენარი რა იყო, მსახიობებმა არ ვიცოდით, – წერდა ნატო ვაჩნაძე, _ …(რეჟისორი) გვიხსნიდა სცენას ადგილზე, ჩვენ ახსნილის რეპეტიციას, იმპროვიზაციას ვატარებდით, იქვე ვიკეთებდით გრიმს და გადაღებას ვიწყებდით”. თუ როგორ მუშაობდნენ მაშინ მსახიობებთან რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვის მოგონებიდანაც კარგად ჩანს: ,,პირველი გადაღებების დროს მხოლოდ ასეთ მითითებებს ვიძლეოდი ,,წარბები შეყარეთ, ფართოდ გაახილეთ თვალები”. დამწყებ და გამოუცდელ მსახიობებთან მუშაობის ასეთი მეთოდი, როგორც ჩანს, მრავალი წლის განმავლობაში ამართლებდა, არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც: თვითმხილველი იხსენებდა, რომ ჯონ ფორდის ,,დილიჟანსის” (1939) გადაღებისას ჯონ უეინს ვერაფრით ვერ გამოსდიოდა სცენა ქლერ თრევორთან. მოთმინებიდან გამოსულმა ფორდმა მას უთხრა: ,,აწიე შენი წარბები და შეიჭმუხნე შუბლი. ამის შემდეგ უეინი სულ ასე აკეთებდა.”