სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის შენახვაზე, ჯამში, წელიწადში ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის მერიაში ამ ფაქტს “ფეიკ-ავტორის გავრცელებულ ინფორმაციას” უწოდებენ.
მასალა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება “ფეიკს” უწოდებს, გამოქვეყნებულია საიტზე _ “ფლანგვის დეტექტორი” (www.sadplan.ge) და მისი ავტორი მალხაზ რეხვიაშვილია. ინფორმაციაში ნათქვამია:
“2018 წელს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის შენახვაზე, ჯამში, 5 მილიონზე მეტი დაიხარჯა, ხოლო მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე _ 1,4 მილიონი. სურათი არც 2019-2020 წლის ბიუჯეტებში შეცვლილა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთში ცხოვრობს 321 ადამიანი, რომელიც სახელმწიფოსგან 22-ლარიან დახმარებას იღებს. ამ სააგენტოს ინფორმაციითვე, 22-ლარიანი დახმარება ეკუთვნით:
ა) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახის შვილებს 18 წლის ასაკამდე.
ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) _ ყოველთვიურად 22 ლარი;
ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს _ ყოველთვიურად 22 ლარი;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს _ ყოველთვიურად 22 ლარი;
დ) სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას _ ყოველთვიურად 22 ლარი;
ე) ქ. თბილისში 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს _ ყოველთვიურად 22 ლარი”, _ ნათქვამია წერილში, სადაც ავტორი ამბობს, რომ საკუთარ თავზე 15 პროცენტით ნაკლების დახარჯვით, საკრებულოსა და მერიას შეეძლო, ცხრა აპრილის მონაწილეებისა და აფხაზეთის ომის ვეტერანებისთვის, თვეში, დაახლოებით, ორასლარიანი დანამატის მიცემა.
“გურია ნიუსმა” ამ წერილის შესახებ კომენტარი ოზურგეთის მერიის საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსს პავლე ჭყონიას სთხოვა:
_ ზოგადად, არა მარტო ოზურგეთის, არამედ საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში არის გათვალისწინებული საკრებულოსა და მერიის ხარჯები. ეს, თითქმის, ერთმანეთის მსგავსია ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენახვას (მასში შედის საკრებულო და მერია), სჭირდება ადმინისტრაციული ხარჯები და, აგრეთვე, ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა ხარჯები (ტრანსპორტი, საწვავი, ინვენტარის შეძენა და ა. შ.).
_ ბატონო პავლე, ინფორმაციაში მითითებულია დანაზოგის პრინციპი, რითაც, ავტორისვე თქმით, ვეტერანებისთვის დანამატის გამოყოფის რეალური შესაძლებლობა იქნებოდა.
_ ახლა, რაც შეეხება სოციალურ თემას, რომ 15-პროცენტიანი დანაზოგით, ანუ ნაკლების დახარჯვით, ვეტერანებს მიეცემოდათ დანამატი თუ არა _ რომ ეს საკითხი და ასევე, სხვა ტიპის სოციალური საკითხები, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, არასაკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამა, სოციალური სააგენტოების მეშვეობით, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტშია, ეხმარება მათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვაქვს ოცამდე სოციალური პროგრამა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არის ასახული. ესენია: მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება; დედ-მამით ობოლ ბავშვთათვის დახმარება; ონკოპაციენტებისთვის, შშმ პირებისთვის, C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა კვლევებისთვის; სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ავადმყოფთათვის დახმარება; მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებით დახმარება; სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ახალშობილებისთვის საჭირო საგნების შესაძენად ყოველთვიური დახმარება და ასე შემდეგ. თუმცა, ფინანსთა სამინისტრო ყოველთვის მოგვიწოდებს, რომ ეს თანხები მიმართული იქნას ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რადგან სახელმწიფო ისედაც ეხმარება ასეთ პირებს. აქ კი ხდება ასეთი რამ _ მოვა რომელიმე ვეტერანი, ითხოვს დახმარებას. თუ თავისი სურვილის მიხედვით ვერ იღებს, მერე იწყებს სწორედ მსგავსი შინაარსის განცხადების წერას და მიმართავს ზემდგომებს.
_ კონკრეტულად თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, ოზურგეთის ბიუჯეტში ვეტერანთათვის, არის თუ არა რაიმე სახის დახმარება გათვალისწინებული?
_ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის, მათთვის, ვისაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნიათ, წელიწადში ერთხელ, ერთჯერადი დახმარება. ეს შეადგენს 120 ლარს, კომუნალური ხარჯებისთვის.
_ ბატონო პავლე, თქვენ თქვით, რომ სოციალური დახმარება მუნიციპალიტეტის არასაკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება. თუმცა, თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტმა სოციალური დახმარების კუთხითაც განახორციელოს მოქალაქეთა მისამართით სხვადასხვა ღონისძიებები…
_ კი და აკეთებს კიდეც. თვითმმართველობის მე-16 მუხლის მეოთხე პუნქტით მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, განახორციელოს ღონისძიებები, დასაქმების, ტურიზმის, სოციალური დახმარების კუთხით და ა. შ., რასაც, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ახორციელებს.
_ შეგიძლიათ, მაგალითი დაგვისახელოთ?
_ სოციალური მიზნებისთვის იხარჯება მთლიანად მერიის სარეზერვო ფონდი, რომელიც წლიურად 350 ათას ლარს შეადგენს. 95% იხარჯება სოციალური კუთხით. ეს არის საავადმყოფოებში თანხის ჩარიცხვა, დაკრძალვის ხარჯები, სტიქიით დაზარალებულთა დახმარება…
_ რას იტყვით იმის თაობაზე, რომ ოზურგეთის ხელისუფლებამ თავისი თავის შესანახად ოთხჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე მოქალაქეთა სოციალურ დაცვაზე?
_ ეს არის რიცხვების თამაში, არასწორი შედარება… ადმინისტრაციული ხარჯებისთვის თანხა რომ არის გამოყოფილი, ფუნქციონალურად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ასე იხარჯება. მაშინ მთავრობამ უნდა მოახდინოს რეორგანიზაცია ან სხვა რამ _ შემცირდეს შტატები. რა არის აქ? _ რუტინული შრომა, ვყიდულობთ ფურცელს, კალამს… მეტი რა? არასწორად არის შედარებული. ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც 5 მილიონამდე ლარს შეადგენს, აღებულია და შედარებულია სოციალური დახმარების თანხას, რაც მილიონ ოთხასი ათასამდეა. ზემოთ უკვე გესაუბრეთ, რომ სოციალური დახმარებები, სახელმწიფოს მხრიდან, მრავალი სხვადასხვა პროგრამით ხორციელდება, ასევე, ბიუჯეტიდანაც. ამიტომ აღარ გავიმეორებ, _ გვითხრა პავლე ჭყონიამ.