აშშ-ში Twitter-ზე მასშტაბურ კიბერშეტევაში ბრალდებულები დააკავეს, _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, 3 ბრალდებულს, რომლებსაც ცნობილი ადამიანებისა და ფირმების Twitter-ის ანგარიშები გატეხვაში ადანაშაულებენ, ბრალი წარუდგინა.
როგორც გამოცემა წერს, ორი მათგანი _ 17 წლის გრემ აივენ კლარკი და 19 წლის მეისონ შეიმპარდი აშშ-მოქალქეები არიან, მესამე დაკავებული 22 წლის ნიმა ფაზელი კი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
დაკავებულ ჰაკერებს, სამართალდამცავები ელექტრონული თაღლითობის მიზნით შეთანხმებაში სხვისი კომპიუტერისადმი არასანქცირებულ წვდომასა და თანხების გათეთრებაში ადანაშაულებენ. ბრალდებულებს მსხვილი ფინანსური ჯარიმა ან 45-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
როგორც ცნობილია, მასშტაბური კიბერშეტევა Twitter-ზე 15 ივლისს გახორციელდა. ჰაკერებმა რამდენიმე ცნობილი ადამიანის, მათ შორის, ილონ მასკის, ბილ გეითსის, ჯეფ ბეზოსის, უორენ ბაფეტის, ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენის ანგარიშები გატეხეს და მათი სახელებით გამოქვეყნებულ შეტყობინებებში გარკვეულ ანგარიშზე კრიპტოვალუტის გადარიცხვა ითხოვეს, რომლითაც ჰაკერებმა 100 000 დოლარზე მეტი მიიღეს.