გრიგოლეთის სანაპიროზე, ძლიერი შტორმის დროს ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი გადაარჩინეს დახრჩობას, საღამოს კი მისი ქმრის სიცოცხლე იხსნეს.
,,ყველა გავაფრთხილეთ, რომ ზღვაში არ შესულიყვნენ, მაგრამ როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, ნაკლებად გვიჯერებენ. ის იყო, ზღვაში შესაბამისი ფერის ალმები აღვმართეთ, რომ შტორმის გამო, წყალში შესვლა აკრძალული იყო, დახმარებისთვის მოგვმართეს მოქალაქეებმა.
ახალგაზრდა ქალბატონი შველას ითხოვდა. უცებ გავეშურეთ შემთხვევის ადგილზე და ეს მოქალაქე სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. საღამოსაც ძლიერი ღელვა იყო და კიდევ ერთხელ დაჭირდათ ჩვენი დახმარება. ამჯერად მამაკაცი ითხოვდა შველას. უცებ მივვარდით, ალბათ, ნახევარი წუთი რომ დაგვგვიანებოდა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. შემდეგ გავიგეთ, რომ დილით გადარჩენილი ქალბატონი და საღამოს გადარჩენილი მამაკაცი ცოლ-ქმარი ყოფილან. ბავშვი ჰყოლიათ მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებების გამო ჩამოყვანილი და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა მათ თავს.
გავიდა ორი დღე და მოულოდნელად სამაშველო კოშკურასთან ეს ცოლ-ქმარი გვესტუმრა, ფოთელები აღმოჩნდნენ, მადლიერების ნიშნად ტორტი წარწერით “მაშველი გიშველის” და სხვადასხვა სახის ნუგბარი მოგვიტანეს.” _ ჰყვება ერთ-ერთი მაშველი.
მაშველთა ინფორმაციით, ბოლო ათ დღეში 15-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.