1934 წელს გადასახლებაში გარდამეცვალა უცოლშვილო ბიძა – კოწია მჟავია. როცა კომუნისტებმა ბაქოში ჩვენებს, რაც ებადათ, ყველაფერი ჩამოართვეს: საწარმოები და ყოველმხრივ მორთულ-მოკაზმული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სამივე ძმა, ფაქტობრივად, უმუშევარი დარჩა. ცოტა რომ დალაგდა სიტუაცია, ბიძაჩემი ივანე და მამაჩემი სანდრო, თავიანთივე საწარმოებში მიიწვიეს სამუშაოდ, როგორც სპეციალისტები. მესამე ძმა – კოწია, (მე მას კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ მახსოვს ძალიან ლამაზი ვაჟკაცი იყო) ტაშკენტში მუშაობდა. როგორც გადმომცეს, ძალიან ალალი და კეთილშობილი ყოფილა. საქართველოდან გაქცეული ვინმე შემოქმედელი დუმბაძე მისულა მასთან და მფარველობა უთხოვია. ბიძიას შემოქმედელი რძალი (ივანეს მეუღლე) ჰყავდა და იმის ხათრით ერთხანს თავისთან გაუჩერებია, მერე საქმეშიც ჩაურთავს. მთლად დეტალები არ ვიცი, მაგრამ ზღარბისა და მაჩვის იგავისა არ იყოს, ამ დუმბაძეს უფროსობა მოუნდომებია და ბიძაჩემი დაუბეზღებია (მაშინ ეს ძალიან ხშირი იყო), ისე რომ დააპატიმრეს და თბილისში გადმოიყვანეს. როცა ის მეტეხის ციხეში იჯდა, თბილისს ლ.ბერია განაგებდა. მისი ცოლის დახმარებით, ჩემმა ბიძაშვილმა სომინამ (ივანეს ქალიშვილი, ბელას და) ნახვა მოახერხა. აი რა უამბია მას: მე დედაშენის ხათრით ის დუმბაძე ჩემთან ავიყვანე, დაჭერას გადავარჩინე, მან კი უფროსობა მომინდომა და თავის ადგილზე მე გამომიშვაო. თბილისიდან გადაასახლეს. ამანათებს კი უგზავნიდნენ, მაგრამ ეს რას უშველიდა იმ უბედურს. მოკლედ, ბიძაჩემი კოწია გარდაიცვალა ქ.კოტლასში. მან, გადასახლებაში რამდენიმე წელი იცოცხლა, მაგრამ ბოლოს ვეღარ აიტანა იქაური მკაცრი კლიმატი და გარდაიცვალა. დასაფლავებულია იქვე, ქალაქ კოტლასში.
როდესაც ოჯახმა გაიგო საწყალი კოწია ბიძიას გარდაცვალების ამბავი, მას „გამოტირილი“ მოუწყო. მოგეხსენაბათ, მე, ბათუმში, ტექნიკუმის მოსწავლე ვიყავი და რა თქმა უნდა დავესწარი სატირალს, შავი კაბა მეცვა. ძალიან მიყვარდა ბიძაჩემი, ბევრიც ვიტირე, მაგრამ რას ვუშველიდი. როდესაც უკან, ბათუმში ვბრუნდებოდი, მატარებელში დამემგზავრა ჩემი ამხანაგი მარგო ქილიფთარი. ვზივართ კუპეში და ძალიან შეწუხებული და თვალცრემლიანი ვუყვები ბიძაჩემის ამბავს. ცოტა ხანში ჩვენს კუპეში შემოვიდა ორი კაცი. ერთი იყო ბათუმელი, რომელსაც ხშირად ვხვდებოდი ბათუმის ქუჩებში. მეორე კი უცხო გახლდათ. მან თქვა, რომ ახლა ბათუმში მივდივარ, საქმე მაქვს, მაგრამ ხვალ თბილისში უნდა წავიდეო. ისინი ისხდნენ და მე რომ ვტიროდი, მიზეზით დაინტერესდნენ. მეც მოვუყევი ყველაფერი, ვისზეც ვტიროდი და რაშიც იყო საქმე. ამ უცხო კაცს შევატყვე ნირი წაუხდა. ყურადღება მივაქციე იმას, რომ არაჩვეულებრივად ეცვა. დაღამდა. მატარებელი გაჩერდა ე.წ. „ტავარნი“ სადგურში (იქ კარგა ხანს ვიდექით). თანამგზავრები ბაქანზე ჩავიდნენ. ვხედავ, ეს ბათუმელი კაცი დაბრუნდა და გაკვირვებული გვეუბნება: – გადამრევს ეს ხალხიო, ის კაცი ბათუმში მიდიოდა და უცბად, შემხვედრ „ბათუმი-თბილისი“-ს მატარებელს გაყვაო. მაშინ არაფერი, და შემდეგში მე ეჭვი ავიღე (მაშინ 15 წლის ვიყავი) და ჩემს ამხანაგს სულ ვეუბნებოდი: – ის ჩვენი თანამგზავრი ბათუმელი კაცი როგორმე უნდა ვნახო-მეთქი. მართლაც, ერთხელაც, შემთხვევით შემხვდა ის კაცი ქუჩაში. მივესალმე, მოვიკითხე, თავი შევახსენე და ვკითხე: – ის კაცი, თქვენი თანამგზავრი რომ იყო, ძალიან დაჩქარდა-მეთქი. აბა რაო, რა ეჩქარებოდა იმ მამაკურთხეულს არ ვიციო. მე ვკითხე აქაურია-მეთქი? არა შემოქმედელი დუმბაძეაო. ამის შემდეგ დასკვნის გაკეთება რთული აღარ იყო.
მამაჩემს რომ მოვუყევი ეს ამბავი, კინაღამ გადაირია: – ბავშვმა ამდენი როგორ მოიფიქრე და მოახერხეო. ის ყოფილა, ის უნამუსოო.
ფოტოზე: მოგონების ავტორის მამა, დგას კოწია ბიძია