კოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია – უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია – უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში).
პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები.
კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს.
საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. (R)