295 ხმით 125-ის წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წამომადგენელთა პალატამ, აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება შეიტანა, რაც ნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს კიდევ ერთ ყვითელ ბარათს უჩვენებს.
პირველად საქართველო – ამერიკის ურთიერთობების ისტორიაში, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გარკვეულ პირობებს აწესებს.
,,შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ღირებულებების მუდმივ განვითარებას, საარჩევნო სისტემის რეფორმებისკენ მიმავალ გზას, კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულებას და მცდელობას, უზურნველჰყოს საქართველოს კერძო სექტორის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების პატივისცემა, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მათი დაცვა“, – ნათქვამია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესწორების მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა არაუგვიანეს 180 დღისა, კონგრეს ანგარიში უნდა წარუდგინოს, რომელიც მოიცავს:
ანალიზს იმის შესახებ, საქართველოს ხელისუფლება დგამს თუ არა ეფექტურ ნაბიჯებს, რათა ქვეყანაში გაამყაროს დემოკრატიული ინსტიტუტები;
ანალიზს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს თუ არა საარჩევნო რეფორმას;
პატივს სცემს თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის მათ შორის დამოუკიდებლობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს ჩარევისგან;
საქართველოს ხელისუფლება, ეფექტურად ახორციელებს თუ არა აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა, მათ შორის საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა;
სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვა და მედიაში თავისუფლება;
ნებისმიერი სხვა შესაბამისი საკითხი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს, კონგრესისგან დავალება აქვს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის დემოკრატიული კურსი შეაფასოს.