5 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, პირველ საკითხად, მერიის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი: “გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ _ განიხილეს.
საკითხის ირგვლივ იკამათეს დეპუტატებმა. კერძოდ, დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ პრინციპულად მოითხოვა, გარე ვაჭრობის წესში კონკრეტულად იქნეს მითითებული, ქალაქის რომელ ადგილზე არ შეიძლება გარევაჭრობა და არა მხოლოდ ის, სად იქნება ვაჭრობა დაშვებული.
_ წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიფიქრებთ, რომ აქ რაღაც სხვა მიზანი დევს, _ განაცხადა ბიგვავამ.
გარევაჭრობის წესთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია გამოხატეს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. განსაკუთრებით აქტიურობდა „ნაციონალი“ დეპუტატი დავით მჟავანაძე. მან კორუმპირებული უწოდა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს, რომელიც, მისი განმარტებით, წინა მერს, სიორიძეს დაემსგავსა ამ საქმეში და ცდილობს, არ ჩამორჩეს.
_ მოგესალმებით. მე პატარა შეფასებასავით გავაკეთებ… კრიმინალური საკითხია ცოტა. ოზურგეთის მერმა გამოისყიდა გურიის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი. მერე ნათესავზე გადააფორმა. გამოყარეს იქედან ადამიანები. ადამიანებს არ მიეცით ვაჭრობის საშუალება, დაულპეთ ათასობით ლარის პროდუქცია. თქვენთვის ეს არაფერს არ ნიშნავს! მერი კორუმპირებულია. ვინ აგებს პასუხს? _ არ ცხრებოდა მჟავანაძე.
_ გვაცალეთ, დავით, ჩვენ და მოვიყვანთ უკეთესს, _ უთხრა მჟავანაძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აროშიძემ.
_თქვენმა მოყვანილმა მერმა არაფერი არ დატოვა ოზურგეთში. ცენტრალური სკვერებიდან შეისყიდა ყველაფერი. მუზეუმის კიბე და ტუალეტიც გაყიდულია. ჩვენ ეს მოვიყვანეთ, მაგრამ დაემსგავსა მას და უნდა, გაასწროს _ ერთმანეთს ეჯიბრებიან, _ განაცხადა მჟავანაძემ სიორიძის და შარაშენიძის შედარებითი დახასიათებისას.
_დაჯექი! ორიანი! _მიმართა მჟავანაძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიკა ჩხიკვიშვილმა, რასაც დეპუტატების მხრიდან სიცილი მოჰყვა: „ახლა უწერს „დვოიკას“ შარაშენიძეს და არჩევნებზე თავგანწირული უჭერდა მხარს“, _ ხუმრობდნენ დეპუტატები.