ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ.
საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს.
დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის – ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად.
სწორედ ეს რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა.
მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება, გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა.
დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც.
„ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა – ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც,
რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა
შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“
საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს.
„დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი,
რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი – ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და
დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია მეორე.