კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით დახურული თეატრები და კინოთეატრები მუშაობას 1 ოქტომბრიდან გაანახლებენ. თუმცა, სპექტაკლის სანახავად მისული მაყურებლის შესაშვებად გარკვეული რეგულაციების დაკმაყოფილებაა საჭირო.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განმარტა, თეატრში მაყურებლის ყოფნის მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება. აღნიშნული დრო მოიცავს, როგორც მაყურებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს. ღონისძიებები უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე.
სპექტაკლებზე დაშვება კი მოხდება პირბადით; თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება; 5 კვ.მ-ზე იქნება ერთი ადამიანი დაშვებული.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა აღნიშნული რეგულაციები ხომ არ გამოიწვევს სპექტაკლებზე ბილეთების ფასის ზრდას, რადგან დისტანციურად დასწრება ავტომატურად ნიშნავს სპექტაკლზე მაყურებელთა რიცხვის შემცირებას, გარდა ამისა, ჩვენ იმითაც დავინტერესდით, საკმარისია თუ არა 3 საათი სპექტაკლებზე დასასწრებად მისული მაყურებლის შესამოწმებლად და სპექტაკლის ჩასატარებლად, ხომ არ არის მოსალოდნელი გურიაში მდებარე თეატრებში სპექტაკლების რაოდენობის შემცირება, რადგან რეგულაციების თანახმად, სპექტაკლები შესვენების გარეშე უნდა ჩატარდეს_ ამ საკითხებზე პასუხების მისაღებად რეგიონში მდებარე სხვადასხვა თეატრის ხელმძღვანელებს ვესაუბრეთ.
ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, დავით წერეთელი მიიჩნევს, რომ მაყურებელზე როგორი შეზღუდვაც არ უნდა დაწესდეს, სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების ფასი არ გაიზრდება.
რაც შეეხება თეატრში მაყურებლის ყოფნისთვის განკუთვნილ დროს, წერეთელი ამბობს, რომ დრო საკმარისია და ერთ-ერთი სპექტაკლიდან მაგალითი მოჰყავს:
„ამ რეგულაციებს პირადად მე ვუჭერ მხარს, იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკის ფაქტორია. ამიტომ სანამ არ იქნება ვაქცინა, პროფესიონალებს უნდა დავუჯეროთ და მოვიქცეთ ისე, როგორც საჭიროა. ფასების ზრდა არ იქნება ბილეთებზე, რაც არ უნდა შეზღუდვა დაწესდეს მაყურებელზე. ლანჩხუთის კულტურის დაწესებულების დარბაზში 30 კაცი შეიძლება რომ მოთავსდეს.
მაყურებელი რომ არ გადაიღალოს და პროდუქტი, რომელსაც ვქმნით იყოს მომგებიანი აქვს თავის ლიმიტი. საათი და ათი წუთი, საათი და თხუთმეტი წუთი, გააჩნია პიესასაც. მაკბეტის თამაში ამ დროში გაგიჭირდება, რადგან 2 მოქმედებაა საჭირო და უფრო გლობალური თემებია, მაგრამ რეჟისორზეა დამოკიდებული როგორ ფორმატს შესთავაზებს მაყურებელს და რას მოიფიქრებს მხატვართან ერთად. ჩვენ რაც ვითამაშეთ ეს იყო საათ და ათ წუთიანი სპექტაკლი. მაყურებლის თერმოსკრინინგიანად სადღაც 2 საათში ღონისძიება დავასრულეთ. ამ დროის დასაწესებლად ბევრ შემოქმედს კიდე კითხეს სამი საათი არის თუ არა საკმარისი“,_ გვითხრა წერეთელმა.
წერეთელი ჩვენთან ღია ცის ქვეშ გამართული სპექტაკლების შესახებაც საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თეატრმა პრემიერა გამართა.
ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის შეფასებით, სპექტაკლების ღია ცის ქვეშ გამართვა თეატრთან შედარებით დისკომფორტს რეპეტიციებს უქმნის.
„თეატრმა იმდენად შეიძლება ფორმირება მოახდინოს გარე სივრცეში, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას ამ რეგულაციებიდან გამომდინარე. იმდენად წარმატებული აღმოჩნდა ღია ცის ქვეშ სპექტაკლი, რომ დისკომფორტი არ განგვიცდია. მაგრამ უფრო ხელი ეშლებათ სარეპეტიციო სივრცეებს, ქორეოგრაფებს“,_ გვითხრა წერეთელმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი, თამარ კეკელიძე ამბობს, რომ თეატრს რეგულაციების დაცვა არ გაუჭირდება და სპექტაკლებზე ფასების ზრდასაც გამორიცხავს.
„რეგულაციების დაცვა ჩვენს თეატრში იქნება შესაძლებელი, სავსე დარბაზი არასდროს არ ყოფილა. 350 კაცი ეტევა და არ გაგვიჭირდება ამ რეგულაციების დაცვა. არა მგონია, რომ ფასის ზრდა გამოიწვიოს, რადგან დარბაზები ყოველთვის გავსებული არ არის“,_ ამბობს კეკელიძე.
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრი რამდენიმე დღეა რაც ახალ გარემონტებულ შენობაში შევიდა და ამჟამად 153-ე სეზონის გასახსნელად ემზადება.
თეატრის დირექტორი ზაზა ჯინჭარაძე დაწესებული რეგულაციების შესახებ ამბობს, რომ თეატრისათვის სადეზინფექციო საშუალებები უკვე შეიძინეს და არც ბილეთების ფასის ზრდაა მოსალოდნელი.
„კანონის შესაბამისად უკვე შევიძინეთ თეატრისათვის სადეზინფექციო საშუალებები (დეზო ბარიერები, ხსნარები, ერთჯერადი ხელთათმანები, თერმომეტრი, პირბადეები და ა.შ). ჩვენი თეატრისათვის ბილეთების ფასები არ გაიზრდება, რადგან ამ რეგულაციებიდან გამომდინარე გვიხდება პირველი პრემიერის ჩატარება. ბუნებრივია სპექტაკლებზე დავიცავთ ყველა იმ მოთხოვნებს რაც დააწესა საკოორდინაციო საბჭომ“,_ გვითხრა ჯინჭარაძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემია ჩვენი დროის გლობალური ჯანმრთელობის კრიზისია. გასული წლის ბოლოს მისი გამოჩენის შემდეგ, ვირუსი, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე გავრცელდა.
საქართველოში კორონავირუსი პირველად თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა და მას შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება.
სახელმწიფომ ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით არაერთი აკრძალვა დააწესა, რაც შემდეგ ეტაპობრივად, ეპიდვითარების შესაბამისად გაუქმდა.
მარტში აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, თუმცა, მოგვიანებით თეატრებისთვის სპექტაკლების ღია ცის ქვეშ გამართვის უფლება გაიცა. დახურულ სივრცეში კი თეატრები სპექტაკლების ჩატარებას ერთი თვის შემდეგ შეძლებენ.