იაპონიის რაგბის კავშირმა დღეს, 27 აგვისტოს გადაწყვიტა, რომ 2020 წლის მიწურულს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. გარდა შიდა ჩემპიონატისა, გადაწყვეტილება ნოემბერსა და დეკემბერში გასამართ „რვა ერის“ ტურნირსაც ეხება, სადაც იაპონიას და ფიჯის „ექვსი ერის“ ტრადიციულ წარმომადგენლებთან უნდა ეასპარეზათ. აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილობრივი გამოცემა „იომიური“ (Yomiuri) და „იაჰუს“ (Yahoo) იაპონური გამომცემლობა ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის მორაგბეთა ნაკრებს უკვე დაწყებული ჰქონდა ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპი, თუმცა ადგილობრივ დონეზე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გართულებების გამო სავარჯიშოპროცესებსაც შეექმნა პრობლემა. იაპონელების შეფასებით, მათი მხრიდან ყველა შესაძლო თავდაცვითი ღონისძიების გატარების შემთხვევაშიც კი, მოგზაურობისას ვირუსით დაინფიცირების რისკის გამორიცხვა შეუძლებელია. სწორედ ეს არის მიზეზები, რომლის გამოც „საკურებმა“ „რვა ერში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
ცხადია, რომ იაპონიის გამოთიშვით შანსი საქართველოს ნაკრებს მიეცემა. უცხოურ პრესაში ადრეც აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ფიჯისა და იაპონიის გარდა ტურნირის ორგანიზატორები მონაწილეობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად „ბორჯღალოსნებს“ მიიჩნევდნენ.