ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების თაობაზე, რომლითაც დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსახლე ისარგებლებს, განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის თქმით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს 40 მილიონი დოლარით „ მსოფლიო ბანკი“ დააფინანსებს, რომლითაც 1 000-მდე დასახლებულ პუნქტში მაღალი ხარისხის ფართოზოლოვანი ინტერნეტი იქნება და დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსახლე მიიღებს ძალიან მაღალი ხარისხის ინტერნეტს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკისთვის, თუ რომელ ლოკაციებზე და რა ვადებში განხორციელდება ზემონახსენები პროექტი, „გურია ნიუსი“ კომპანია „ოუფენ ნეტს“ დაუკავშირდა.
ეს სამსახური საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის გახორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ” ჯერ კიდევ 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა და სწორედ ის ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამას.
როგორც „ოუფენ ნეტის“ მედიამენეჯერმა ეთერ მონასელიძემ განგვიმარტა, Log-in Georgia-ს სპროექტის ფარგლებში დაგეგმილია ათასამდე დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაცია, რომელიც გათვლილია ხუთწლიან პერიოდზე.
„პროგრამის ფარგლებში, ფართოზილოვანი ინფრასტრუქტურა მოეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით თეთრ ზონებში, ანუ იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, ოპერატორების საკუთრებაში ან სარგებლობაში არ არსებობს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უწყვეტი ოპტიკურ -ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალთან და არ არსებობს ოპერატორის მხრიდან შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ისა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1 გბ/წმ-ის სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა და ოპერატორების მიერ არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასრტუქტურის მშენებლობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში“-განმარტავს ეთერ მონასელიძე.
თავდაპირველად, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებაზე მთავრობის მიერ განცხადება 2015 წელს გაკეთდა და მის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა, რომელიც ინტერნეტიზაციაში 150 მილიონ დოლარს დახარჯავდა და პროექტი 2018 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, დრომ აჩვენა, რომ ეს განცხადება მცდარი იყო.