კომედიური ჟანრიდან შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითები, როდესაც ხელისუფლება თავის მოწინააღმდეგეებს ჩაკეტავს სახლში პანდემიის მიზეზით და თავის მომხრეებს გამოუშვებს გარეთ ხმის მისაცემად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვოლსკი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს.
„დაახლოებით იგივე ჟანრიდანაა, რომ 500 მეტრიდან შეუძლია კოორდინატორს დაჟინებული მზერით შეაცვლევინოს მოსაზრება ამომრჩეველს. ეს არ არის მოგონილი და ფანტაზია. ამას რეალურად ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც, ხშირ შემთხვევაში, თვალდაბინდულს ჭკუა არ მოეკითხება. როგორ შეიძლება ხელისუფლება სარგებლობდეს ამ უბედურებით, რომელმაც მთელი მსოფლიო ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ხელისუფლება როგორ შეიძლება სარგებლობდეს ეკონომიკური სიდუხჭირით, რომელიც კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანას, რომლის ტერიტორიების ნაწილიც სწორედ იმ ხალხის პერიოდშია ოკუპირებული და მათი ხელშეწყობით, რომლებიც ამ სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ყურადღების გადატანა – ეს არის მთავარი ამოცანა. ბოროტების უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც ამათმა ჩაიდინეს. დღეს ეს მემკვიდრეობა მძიმედ გვაწევს კისერზე. არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ნებისმიერ ოჯახს საქართველოში”,– განაცხადა ვოლსკიმ.