დღეს, დილიდან ოზურგეთში თხილის ფასი მაღალ ნიშნულ მიუახლოვდა.
ერთი კილოგრამი „გულშიშველა“, საღი და ხმელი, გატეხვის გარეშე, 6 ლარი ღირს. ერთ ცალს 60 თეთრად ანგარიშობენ. ფასის გამოყვანა ცნობილი „მეთოდით“, ათი ცალიდან ხდება. ოღონდ, თვით თხილის მიმღებ პუნქტებში, ზოგან ტეხენ, ზოგან _ არა.
_ „გულშიშველას“, ერთ ცალს, თუ კარგია, 55-60 თეთრად ვანგარიშობთ. ახლა, თუ ზედვე ეტყობა, რომ საშუალო ხარისხისაც არ არის, მაშინ უნდა გავტეხოთ. საშუალოდ, 4 ლარი მაინც გამოდის კილოგრამის ფასი. რაც შეეხება ბერძნულას“, 5 -10 თეთრით მეტს ვიხდით, თუ ძალიან კარგია. თუ არადა, თითქმის, ერთნაირი ფასი აქვს, ესაა, „ბერძნულა“ აუცილებლად უნდა გავტეოთ, რადგან რატომღაც ბევრი უვარგისი გამოდის, რაც გარედან ნაკლებად ეტყობა, _ გვეუბნებიან თხილის მიმრები ოპერატორები.
„თხილის ფასი, ორ დღეში გაიზარდა, რაც გურიაში კორონა ვირუსი შემოვარდა“; „მოუხთა კორონე, მოუხთა“; „ათი კილო თხილი რომ ჩავაბარე და 55 ლარი მომცა, მივუბრუნდი, ხო არ გადმოაყოლე-თქვა“, _ ხუმრობის გარეშე ვერ ძლებენ გურულები.
თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავეები, ცალკეულ შემთხვევებში, თავისკენ ეპატიჟებიან მომხმარებლებს, ხან გადაჩურჩულებით, ხან თვალით ანიშნებენ, მე მეტს მოგცემო.
კითხვაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში, გვპასუხობენ, რომ ბაზარია და მოვლენები ხშირად იცვლეობა.
ჩვენი წყაროს ცნობით, ასევე, გუშინ სოფლებში, მათ შორის ჭანიეთში, თხილის მყიდველებმა ჩამოიარეს და ერთი კილოგრამი ხუთ ლარად წაიღეს, ყოველგვრი გატეხვის გარეშე.
_ თხილს კი დააკვირდნენ, თქვეს, დამპალი არ ერიოს და სუფთად გარჩეული უნდა იყოსო, გვითხრეს, _ გვეუბნებიან ადგილობრივები.
დღეს კი, უკვე, ქალაქ ოზურგეთში, როგორც ვთქვით, კარგი ხარისხის ხმელ პროდუქციაში, კილოგრამში 6 ლარს სთავაზობენ.