ოზურგეთში, რუსთაველის ოთხ ნომერში მცხოვრებ ბაბუცა აბრაბალაძეს 95 წელი შეუსრულდა. ოზურგეთული, ერთი ლამაზი, მრგვალი ეზოს იუბილარს, როგორც თავად ამბობს, ასაკის არ ეშინია და გენებით ისე ძლიერია, ას წელს აუცილებლად „მოღუნავს“.
_ არც კორონას მეშინია, „ვუმჯავრდები“ კიდეც. „გურია ნიუსსაც“ დიდი ხანია, ვკითხულობ, გენებითაც ასწლიანი ვარ. ბაბუა 102 წლის გარდაიცვალა, ბებია 105 წლის. ამიტომ 95 წელი ცოტაა. ტორტები მომართვეს, როგორც შვილიშვილებმა სამტრედიიდან, ისე აქ, ოჯახში. თქვენ გაზეთი მომიტანეთ. ვიგებ ქვეყნის ამბებს. ვარ ასე, ირგვლივ სიყვარულსა და სითბოში. მინდა, ადამიანები იყვნენ კარგად, ღიმილიანად, მშვიდად მოსიარულე და მოსაუბრე. ჩვენი ასაკის ხალხმა ბევრად მეტი გასაჭირი გავიარეთ და ნერვებსაც ვეპატრონეთ და ოჯახებსაც, _ გვეუბნება იუბილარი ბებო, როელიც დიდი ხანია, „გურია ნიუსის“ ხელმომწერი და მკითხველია. ხან ხუმრობს, აბა, დავხედო, სათვალის გარეშე რამდენ სტრიქონს წავიკითხავო, მერე კი სათვალეს ეძებს.
_ ჩემზე კარგად ხედავს. წაკითხვას ვერ მოასწრებ, მასე, ნეტა, მე ვიყო, _ ამბობს ბაბუცა აბრაბალაძის შვილი, ქალბატონი ნათელა ჩხაიძე, რომლის დიდი დამსახურებაა, როგორც ოზურგეთული ეზოს სამეზობლო ამბობს, „დედა ბუმბულ-საბანში რომ ჰყავს გახვეული და მისი სიცოცხლის თითოეულ წუთს, საკუთარზე მეტად დარაჯობს“.
ქალბატონ ბაბუცას უცხოეთში მყოფი შვილიშვილები ენატრება და ცოტა ნაღვლიანად მათ იხსენებს. თუმცა, მალე ლოცვასაც მოაყოლებს, „კარგად იყონ ოღონდაც და სადაც იქნებიან, ღმერთო, იქ დაიფარეო“.
ხშირად ეზოში გამოდის, ცოცხს მოიმარჯვებს და შემოდგომის ფოთლებს, უწყვეტი მოგონებებივით რომ ცვივა ირგვლივ, ფრთხილად გვის და აგროვებს.
_ ლამაზი ფოთოლიც დასანანია გადასაგდებად… _ ამბობს მისეული სიბრძნით.
სურს, ასი წლის იუბილე მოკრძალებულად, უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად, ღია ცისქვეშ, ოზურგეთულ ეზოში აღნიშნოს…
„გურია ნიუსი“ დიდხანს და ჯანმრთელ სიცოცხლეს უსურვებს ბაბუცა ბებოს, ჩვენი ეზოს უხუცეს ბინადარს!