თბილისში, მეათე საჯარო სკოლის შენობის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სკოლის ეზოში შეკრებილი ადამიანები ითხოვენ განათლების სამინისტროსგან მეათე სკოლის შენობასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მოთხოვნას, ასევე პასუხის მიღებას ითხოვენ სამინისტროსგან მასწავლებლებისა და მშობლების წერილობით მიმართვებზე და დასაბუთებას, რატომ არ ხვდება მინისტრი ან მისი მოადგილე სკოლის წარმომადგენლებს.
სკოლის ეზოში შეკრებილი ადამიანები ამბობენ,რომ მხარს უჭერენ სკოლის ყოფილ დირექტორს ბელა ხუბუტიას, რომელიც მათი თქმით, ამ დრომდე დამოუკიდებლად აქტიურობდა და სამსახურის ფასად გადაიტანა დიდი ბრძოლა, რომ 22-ე სკოლის გარემო, სადაც სწავლის გაგრძელება მეათე სკოლის მოსწავლეებს შენობის ავარიულობის გამო მოუხდათ, მათზე მორგებული ყოფილიყო.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2017 წლიდან სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
სწორედ ამ მიზეზით მეათე საჯარო სკოლამ შეიცვალა ლოკაცია და დიდუბის რაიონში გადავიდა იმ იმედით, რომ ძალიან მოკლე (გონივრულ) დროში სწავლას სკოლის მოსწავლეები ისევ ამ სკოლის შენობაში გააგრძელებდნენ.
ისინი ამბობენ, რომ განათლების სამინისტრო არ ჩქარობს, მეტიც, ტენდერის პირველი ეტაპი, რომელიც კარგა ხანია დასრულებულია, ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ დამტკიცებულიც არ არის.
“ჩვენი მოთხოვნებია სკოლის დროული რეაბილიტაცია. მეათე საჯარო სკოლა არის სავალალო მდგომარეობაში, ნგრევის პირას მისული. ამ ეტაპზე ბავშვები დაგვყავს წერეთლის გამზირზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში. ეს არის დიდი დისკომფორტი როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის. ამიტომ ვითხოვთ ტენდერის დროულ გამოცხადებას და რეაბილიტაციას, რაზეც განათლების სამინისტროდან გვაქვს პასუხი, რომ განიხილავენ და მომავალ წელს აპირებენ გაკეთებას. არ გვაქვს კონკრეტული პასუხი, დროში გაწელილია და ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომ დაჩქარდეს ტენდერი და შემდეგ უკვე რეაბილიტაცია მოხდეს სკოლის ამ ტენდერის პირობებით. გარდა ამისა დირექტორი, ქ-ნი ბელა იქნა გათავისუფლებული და ვითხოვთ, რომ ის დროულად დაბრუნდეს სკოლის დირექტორის პოზიციაზე. ჩვენი მიზანი არ იყო აქციების გამართვა და მაქსიმალურად ვერიდებოდით, მაგრამ იძულებული გაგვხადეს”,_ ამბობს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი, დავით კობიაშვილი.
გარდა ამისა, მშობლები, რომლებსაც ბავშვები მეათე საჯარო სკოლაში დაჰყავდათ, შიშობენ, რომ სკოლის შენობა შესაძლოა გაიყიდოს.
„გურია ნიუსი” ამ საკითხების შესახებ პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, გავრცელებული ინფორმაცია საჯარო სკოლის გაყიდვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
“მე-10 სკოლის შენობა არის სარეაბილიტაციო და ბუნებრივია იგეგმება მისი რეაბილიტაცია. სკოლის ბავშვები დროებით გადაყვანილნი არიან 22-ე საჯარო სკოლაში. საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს ეს შენობა იყიდება არის ტყუილი.