როგორც ცნობილია, ბოლო ერთი თვის მანძილზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ქობულეთში „აჭარა ტექსტილში“ მომუშავე ბევრი ქალბატონი გადაიყვანეს კარანტინში. გადაყვანამდე ერთი კვირით ადრე ისინი სამსახურიდან დაითხოვეს და ყველა საკუთარ სახლში იმყოფებოდა, თუმცა, როგორც დაზუსტებული ინფორმაციით ვიცით, თვითიზოლაციაში არცერთი არ იმყოფებოდა.
ერთი კვირის შემდეგ კი სოფლებიდან, მათ შორის, ერთი სოფლიდან 14 ქალბატონი გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში, ბათუმში. ამ ქალატონების ოჯახის წევრები ჩვეულებრივად აგრძელებდნენ საოჯახო თუ სამსახურებრივ საქმიანობას. კარანტინში გადაყვანიდან ორი კვირის შემდეგ, ერთ-ერთ ქალბატონს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.
სწორედ ამ ქალბატონის მამამ ისაუბრა „გურია ნიუსთან“, რომ ის ჩვეულებრივ, სარეისო მარშრუტს ასრულებდა, როცა სოფლის გამგებელმა დაავალა, შეეწყვიტა მუშაობა და გადასულიყო თვითიზოლაციაში.
_გასაკვირი ის არის, ამ კორონას გადადება როგორ ხდება, ყველგან სხვადასხვა ვადები აქვს თუ მოხასიათების მიხედვით მოქმედებს? ჯერ ფაბრიკიდან სახლში გამოუშვეს ერთი კვირით, მერე გადაიყვანეს კარანტინში, ამდენი ხნის შემდეგ გვეუბნებიან, რომ აღმოაჩნდა უსიმპტომო კორონავირუსი. მეუბნებიან, შინ დაჯექიო. რა ვქნა, ვუცადო, როდის ჩამომიარს კორონა? უარესიც, შვილიშვილს სკოლაში არ უშვებენ, ექიმი დაწერს ცნობასო. სანამდე ვუცადოთ? ცხელ ხაზზე კი დავრეკე და მითხრეს, რომ 13 დღის შემდეგ, როცა კონტაქტი არ ჰქონია ოჯახის წევრებს ერთმანეთთან, არ სჭირდება იზოლაცია. ამათ გააგებინებ? ექიმმა ეს არ უნდა იცოდეს? დავსხდეთ სახლში და ვუცადოთ, ბაბუიან-შვილიშვილიანად, როდის ჩამოგვიარს კორონა? რომ არ ჩამოიაროს? ვმუშაობ, პურის ფული მაგით შემომაქვს ოჯახში. ბავშვი ისედაც ჩამორჩა სწავლას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე… _გვეუბნება გაბრაზებული მოქალაქე.
ჩვენ დავუკავშირდით გურიის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგს, ელზა თუმანიშვილს და შექმნილი ვითარების შესახებ ვუამბეთ.
მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
_გეტყვით, რომ ამ „აჭარა ტექსტილის“ ფაბრიკასთან დაკავშირებით, დიდი გაუგებრობაა. მას აქვს ფილიალები. ჰყავთ თავისი სამედიცინო პერსონალი. აქამდე თავად ატარებდნენ ტესტირებას. თავიდან, დადებითი იყო თუ უარყოფითი პასუხი, ეს ინფორმაცია ჩვენამდე არ მოდიოდა. ახლახან აფეთქება მოხდა ფოთის ფილიალში.
_მე გეკითხებით ქობულეთის ფილიალის თანამშრომელთა შესახებ…
_დიახ, ფოთზე, ალბათ, სამეგრელოს შტაბი იქნება პასუხისმგებელი. გურიას რაც შეეხება, როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ და ამ საქმეში ჩაერთო გურიის გუბერნია _ იცით, რომ შექმნილია, ასე ვთქვათ, შტაბი. ვისზეც კი მივიღეთ ინფორმაცია, მაშინვე გავატარეთ ღონისძიება. ყველა გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეში. იქ 10-12 დღის განმავლობში იყვნენ. რამდენიმეს დაუდასტურდა და გაუგრძელეს იზოლაცია. ამ ადამიანებს, ფაქტიურად, არ ჰქონიათ შეხება ოჯახის წევრებთან და შესაბამისად, საჭირო არაა ამ წევრთა თვითიზოლაცია. მე არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია, ვინ დაავალა თქვენს რესპოდენტს თვითიზოლაციაში ყოფნა. ვიმეორებ, ბოლო 12 დრე თუ არ ჰქონია კონტაქტი ოჯახის წევრთან, არ სჭირდება თვითიზოლაცია.
_ჩვენი რესპოდენტი ამბობს, რომ ბოლო 16 დღე არ ჰქონია კონტაქტი და მაინც დაავალეს…
_მით უმეტეს, ასეთ შემთხვევაში საჭირო არაა თვითიზოლაცია, – გვითხრა ეპიდემიოლოგმა ელზა თუმანიშვილმა.