გუშინ, საღამოს, ამკრძალავი ნიშნები დადგეს, სოფელ ლიხაურში შესასვლელ სამანქანე გზაზე, რომელიც ბათუმისკენ მიმავალი ცენტალური გზის მარცხენა მხარეს, „ე.წ. „ფაბრიკის გაჩერებასთან“ იწყება.
თავდაპირველად გავრცელდა ხმა, რომ სოფელ ლიხაურში კორონავირუსი რამდენიმე მცხოვრებს აღმოაჩნდა და ხდებოდა სოფლის ჩაკეტვა.
შეშინებული ადგილობრივები იმასაც ამბობდნენ, რომ მალე სხვა სოფლებიც ჩაიკეტებოდა.
როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, აღნიშნული გზის ჩაკეტვა მოხდა სულ სხვა მიზნით.
_ კორონას გამო, არ დაკეტილა ბათუმის ტრასიდან ლიხაურში შესვლელი სამანქანე გზა. ხალხს უკვე ზედმეტად ეშინია და ხშირად ადვილად იმეორებენ ჭორებს. ეს გზა დაიკეტა იმიტომ, რომ ხდება ინტერნეტის გამოყვანა, საპილოტე სოფელია ლიხაური. რაც შეეხება კორონას, ახალი შემთხვევა არაა სოფელში. ისინი კი, ვინც „აჭარა ტექსტილში“ მუშაობდნენ, ისევე, როგორც ჭანიეთში მცხოვრებლები და სხვები, საკარანტინე სივრცეში ადრევე გადაიყვანეს. ვისაც არ აღმოაჩნდა, მალე დაბრუნდა შინ. ვიმეორებ, გზა დაიკეტა სამშენებლო სამუშაოს გამო. ყველა მოქალაქეს ვთხოვ, ჩვენს მცხოვრებლებს განსაკუთრებით, ნუ აყვებიან ჭორს და ემოციებს. დავიცვათ რეგულაციები და ყველაფერი კარგად იქნება, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ლიხაურში, ვანო ვაშაყმაძემ.