ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ განცხადებას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღებში სკოლამდელი სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბერს განაახლა.
პარასკევს ერთ-ერთ ბაღში რამდენიმე ბავშვს აღენიშნებოდა დიარეის ნიშნები. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბაღების გაერთიანებამ დაიწყო მოკვლევა იყო თუ არა სხვა ბაღებში მსგავსი შემთხვევები. დღის განმავლობაში, არც ერთ ბაღში არ დაფიქსირებულა აღნიშნული ფაქტი, თუმცა საღამოს 11 ბაღიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე აღსაზრდელს გამოუვლინდა სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები.
გამომდინარე იქიდან, რომ გამორიცხულიყო საკვებით მოწამვლა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებში დაუყოვნებლივ შესულიყო სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები შემოწმების მიზნით.
დაზუსტებული ინფორმაციით ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ 1. ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი სახლში აგრძელებს მკურნალობას.
აქვე განვმარტავთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, შევიდა 2 დღით ადრე.
სანამ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ფაქტის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენენ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება“,_ წერია მერიის მიერ გავრცელლებულ განცხადებაში.