ოზურგეთში არის ერთი ადგილი, სადაც ქალაქის კოლორიტის, თემურ კილაძის, ერთგვარ პარნასად ქცეულ, რესტორან „არგოს“ პლაცდარმიდან, ბრდღვიალა ბაუგანვილის სამკაულით მორთული , ყოვლისმოცველი სამი სიტყვა: „მე შენ მიყვარხარ!“ _ გესალმება. თითქოს, საშემოდგომო პოლარულ ციალს ფრთა აუკრავს და აქ მოუკალათებია…
ახლა , როცა ჩვენი ქალაქის, ისევე როგორც სრულიად ქვეყნის სივრცეს ან საარჩევნო არაადამიანური კიჟინა აკრთობს და ან პანდემიით დამფრთხალთა ქოთქოთი, „არგოდან“ მომღიმარი ბაუგანვილი გამვლელ-გამომვლეს შეახსენებს, რომ ის სიყვარულის შვილია…