“გურია ნიუსის“ კორესპონდენტს იმერეთში, ჟურნალისტ ნინო ნანიტაშვილს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. ნინო ჩვენი აუდიტორიისთვის დღიურის დაწერას გეგმავს; ვფიქრობთ, მისი მონათხრობი, განცდები და გამოცდილება, დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ პანდემიის არსი, იზოლირებული ადამიანების გრძნობებს და საჭიროებებს უკეთ გავეცნოთ. თუ როგორ ჩაიარა პირველმა დღემ მისთვის, თავად ნინო ასე გვიყვება:
“ როგორც იქნა დასრულდა დღე პირველი, უსაშველოდ გრძელი და უჩვეულოდ შფოთიანი. თუმცა, მეგონა უარესი დამემართებოდა: გუშინ და გუშინწინ თავს ვაჩვევდი, დადებითი პასუხის შემთხვევაში არ უნდა მენერვიულა. პანდემიის პირობებში მაინცდამაინც მე რატომ უნდა ვყოფილიყავი ის ბედნიერი გამონაკლისი, კორონა რომ არ დამართნოდა-თქო. ჰოდა, ასეც მოხდა. დილით, ცხრა საათსა და 35 წუთზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ დამირეკა და მისალმების შემდეგ, თავს როგორ გრძნობო, რომ მკითხა, მივხვდი, რაც მჭირდა. სხვა შემთხვევაში, უარყოფითი პასუხია და გილოცავო, მომახარებდა. ვერ გავექეცი კორონას. არც ის გამექცა და ჩამეხუტა აბეზარი, თითქმის რვა თვეა, ნიუსებში დღეში ზოგჯერ სამჯერაც რომ მომიკითხავს და გამიკენწლავს. არ მაპატია აუგად ხსენება და ის განმაცდევინა, რასაც თავის დროზე ჩემი ტელე რეპორტაჟების და სააგენტოს ნიუსების დაინფიცირებული გმირები განიცდიდნენ. ყოველთვის ვერიდებოდი ამ ადამიანების გვარ-სახელების ღიად დაფიქსირებას. მათი ვინაობის გამჟღავნების უფლებას არც კერძო საუბრებში ვაძლევდი თავს, მაგრამ როცა თვითონ აღმოვჩნდი დაინფიცირებული, მომინდა ეს ამბავი ყველას გაეგო და ერთი წუთი არ იყო გასული, ფეისბუქზე დავპოსტე. დავპოსტე და ამოვისუნთქე. 9 საათსა და 40 წუთიდან ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, სოციალურ ქსელში – მესიჯები. მირეკავდნენ ახლობლები, ნაცნობები, უცნობები, ვისაც არასოდეს დაურეკავს ჩემთან. ყველას ვპასუხობდი და დაწვრილებით ვუყვებოდი, რა მჭირდა. არადა, თითქოს არაფერი მჭირდა უხეირო დიაგნოზის გარდა. არ შემშინებია. ვიცი, ეს არ მომკლავს და არც გამაწვალებს, უბრალოდ, ამ დღეებში საყვარელ საქმეს მომწყვეტს და ახალ ამბებს, თუმცა გპირდებით, ხვალიდან, სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად ვიმუშავებ ახალ ამბებზე. არაფერი მტკივა, მათ შორის არც სული. თითქოს უფრო გავკაჟდი და გავმამაცდი. დასამშვიდებლად რომ მირეკავენ, აქეთ ვამშვიდებ, რა არის სანერვიულო, ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს ამ უსაქციელო ვირუსთან გამკლავება-თქო. ერთი რაც ძალიან მინდა, ჩემი ოჯახის წევრების პასუხები მოვიდეს უარყოფითი. შვილი, გრიგოლი ვაჟკაცურადაა, არაფერს ცუდს არ ვგრძნობო. მეუღლეს კი, უნდა დამარწმუნოს, მეც დადებითი პასუხი მომივაო. უკვე მეორე დღე დაიწყო, გაჩერდა სატელეფონო ზარები, აქა-იქ შემოდის მესიჯები, უპასუხოდ არცერთს ვტოვებ. ადამიანები კიდევ უფრო შემიყვარდნენ. უფრო მეტი რწმენა გამიჩნდა და სურვილი, ძალა მოვიკრიბო და კორონა დავამარცხო. 20 ოქტომბერი, 0:14 წუთი.