ქართველმა მკლავჭიდელებმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის გადადგომა.
რამდენიმე დღის წინ გამგეობის სხდომაზე მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც სხდომის ჩატარება ვერ მოხერხდა.
ნაკრების მწვრთნელები და ვეტერანი მკლავჭიდელები გამგეობის წევრთა რაოდენობის გაზრდას, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომასა და ფედერაციაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მანამდე სანამ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მკლავჭდელები აცხადებენ, რომ ფედერაციის მუშაობა პარალიზებული იქნება.
ვასილ დავითაშვილი (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში):
„საჭიროა ცვლილებები და დიალოგი. უნდა დაინიშნოს ვადამდელი გამგეობის სხდომა და ავირჩიოთ ახალი მმართველი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.“
დავით ჭელიძე (ვეტერანი მკლავჭიდელი): „წესდება არის მოუწესრიგებელი, გამგეობის წევრები უნდა იყვნენ მკლავჭიდელები. სოსო ჯაჭვლიანს ამ პირობებში ძალიან გაუჭირდება ფედერაციის მართვა. კარგი იქნებოდა თუ საქმეში სპორტის სამინისტრო ჩაერთვება.“