„გურიის რეგიონში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, წლებია გრძელდება მკვეთრად ნეგატიური ვითარება“, – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა გურიის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ.
მისი თქმით, 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, დაფიქსირდა მიუღებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, გურიას დაუფიქსირდა უარყოფითი მაჩვენებელი – მინუს 215 ათასი დოლარი. კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ გურია ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი მინუსებშია.
თავისთავად ფაქტი, პანდემიიდან გამომდინარე ვარდნის მიუხედავად, მაინც ყოვლად მიუღებელი და საგანგაშოა. რეალობა არის ის, რომ გურიის რეგიონი ყოველთვის მოკლებული იყო ყურადღებას ყველა ხელისუფლების მხრიდან.
რიცხვები მეტყველებს ყველაფერზე. წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც, სხვათა შორის, გურიასთან მიმართებით, მხოლოდ 2016 წლიდან ითვლიან, ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს და ეს რიცხვი იყო მილიონ 653 ათასი დოლარი. მანამდე, 2018 წელს იყო 301 ათასი დოლარი, 2017 წელს ერთ მილიონზე ოდნავ მეტი (1,084 მლნ) და 2016 წელს 553 ათასი დოლარი.
ეს არის ძალიან დაბალი მონაცემი იმ ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონისთვის, როგორიც არის გურია. ეს ნიშნავს, რომ ხელისფლების ინტერესში არ არის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. სხვაგავრად, წარმოუდგენელია, რომ გურიაში, რომელიც დახუნძლულია ზღვისა და მთის კურორტებით, სადაც იშვიათი სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის წარმოების უნიკალური პირობებია, სადაც ეკოტურიზმის განვითარებისთვის იდეალური წინაპირობაა, ვერ შექმნა კეთილმყოფელი საინვესტიციო გარემო“, – აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
მისი თქმით, „ლელოს“ ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის საინვესტიციო კლიმატს რეგიონში და ეს დაიწყება „ლელოს“ „მარშალის გეგმის“ თანმიმდევრული განხორციელების შედეგად.
„ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე ამომრჩეველი დაინახავს რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს. „ლელო“ მოდის იმისთვის, რომ ემსახუროს ქვეყანას და არა ეპატრონოს მას. ჩვენ არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყებთ „მარშალის გეგმით“ გაწერილ სამუშაოს. ერთად დავდებთ ლელოს საქართველოსთვის და ამ ბრძოლაში გურიაც ყოველთვის იტყვის თავის წონად სიტყვას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ. (R)