ლანჩხუთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებული იდეები გამოვლინდა და ამ იდეების შესაბამისად, აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე მოეწყობა, ხოლო სუფსაში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება.
აკეთის თემში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცის მოწყობის იდეა მარიკა ბერიძესა და სალომე გეგიძეს ეკუთვნით. მათი ჩანაფიქრით, აიგება გურული ოდა სახლი, რომელიც „აკეთელების ღიღინის“ კუთხეს, პატარა ბიბლიოთეკას, სხვადასხვა დროს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირებისა და გურული ტრადიციების კუთხეს, „კალანდას“ გააერთიანებს. იდეის ავტორების აზრით, ოდა არა მარტო მნიშვნელოვან კულტურულ, არამედ ტურისტულ ცენტრადაც იქცევა.
სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია კი ნიკოლოზ ბერიძის იდეაა. მისი ინიციატივა სახურავის შეცვლას, გარე ფასადის მოხატვასა და სამუსიკო ინვენტარის შეძენას გულისხმობს. სკოლა სარგებელს მოუტანს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სამუსიკო სკოლაში სწავლობენ ან ისწავლიან.
ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი დაიწყო სამი აგვისტოდან დაიწყო და ის ლანჩხუთის ნებისმიერ მაცხოვრებელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის საშუალებას აძლევდა. მათ მხოლოდ კონკრეტული იდეა უნდა წარედგინათ, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდებოდა. მთავარ თემებად წელს განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა შეირჩა.
სულ კონკურსში მოქალაქეებმა 47 ინიციატივა წარადგინეს. საბოლოოდ, ელექტრონულ კენჭისყრაზე ის 22 იდეა მოხვდა, რომლებიც 2021 წლის პრიორიტეტულ თემებს – მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს, სკვერებს, კულტურული კლუბების კეთილმოწყობას, სპორტულ სივრცეებსა და ღონისძიებებს შეეხებოდა.