პოლიტიკურ პარტია „ლელო-მამუკა ხაზარაძეს“ ჩოხატაურში, დუმბაძის სკვერში მდგარ ცარიელ კონსტრუქციაზე საარჩევნო ბანერის განთავსების უფლება მუნიციპალიტეტის მერიამ არ მისცა. პარტიის გურიის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამის შემდეგ გადაწყვიტა, ცოტა ხნით თავად ეტვირთა ბანერის როლი და ასე მიექცია ჩოხატაურელთა ყურადღება. გიორგი სიორიძემ ჩოხატაურელებს ამწის კალათიდან მიმართა.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ მათ იურიდიულად დაუსაბუთებელი მიზეზები უთხრეს.
„დუმბაძის სკვერში დგას ცარიელი კონსტრუქცია სადაც არაფერი გაკრულია. მერიას საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების მიხედვით, საკრებულო აძლევს ნუსხას, სადაც აღწერილია, თუ სად შეიძლება გაკვრა, სადაც შეიძლება გაკვრა მესაკუთრის ნებართვით და მესამე მუხლია კიდევ, სადაც ყველანაირი ნებართვის გარეშე შეიძლება გაკვრა. მერიას მივმართეთ, რომ დუმბაძის სკვერში არსებულ კონსტრუქციაზე ბანერის გასაკრავად გვქონოდა ნებართვა, მაგრამ მოგვივიდა უარი. მიზეზი იყო ის, რომ ეს კონსტრუქცია არ შედის დამტკიცებულ ნუსხაში და სწორედ მივმართეთ მერიას ნებართვისთვის, რომ, როცა ნუსხაში არ შედის კონსტრუქცია, მაშინ არის საჭირო მესაკუთრის თანხმობა, რომ გაიკრას სააგიტაციო მასალა. უარის თქმის ერთ-ერთი მოტივი იყოს ის, რომ დაგეგმილი ჰქონდათ დაზიანებული სურათების აღდგენა, მაგრამ ამ დროისთვის იქ არანაირი სურათი არ არის აღდგენილი. ზოგადად, როდესაც ხდება მიმართვა, იქ არ წერს მერი, მიზანშეწონილად მიაჩნია თუ არა, პასუხში უნდა ყოფილიყო კანონს შეესაბამებოდა თუ არა. გვითხრეს იურიდიულად დაუსაბუთებელი უარი“, _ გვითხრა „ლელოს“ ჩოხატაურის შტაბის ხელმძღვანელმა მალხაზ ჩხიკვაძემ.
რატომ ეთქვა უარი ლელოს დუმბაძის სკვერში სააგიტაციო მასალის განთავსებაზე, ამის გასარკვევად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც ის წერილს გაგვაცნეს, რომელიც ლელოს პასუხად მერმა გაეგზავნა.
მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, იამზე ვაჩეიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ აღნიშნულ კონსტრუქციაზე საარჩევნო ბილბორდი არასდროს განთავსებულა.
„ბატონო გიორგი, თქვენი 2020 წლის 12 ოქტომბრის #10/462028634-46 განცხადების პასუხად, რომელიც ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის გასაკრავად, გამოსაფენად გამოყოფილი ადგილის ნუსხის დამტკიცების განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 აგვისტოს #38 განკარგულების თანახმად, დაბა ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ – 28.01.21.372) (ნოდარ დუმბაძის სკვერის ნაწილი) მდებარე კონსტრუქციაზე საარჩევნო ბილბორდების განთავსებაზე თანხმობის გაცემას, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარე კონსტრუქცია არ შედის, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის გასაკრავად, გამოსაფენად გამოყოფილი ადგილის ნუსხის დამტკიცების განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 აგვისტოს #38 განკარგულებით დამტკიცებულ ჩამონათვალში და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ სააგიტაციო მასალების განთავსება განხორციელდეს ზემოაღნიშნული განკარგულებით დამტკიცებული ადგილებზე.
ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის მდებარეობს ნოდარ დუმბაძის სკვერის ნაწილის ტერიტორიაზე, ფოტო მასალის სახით განთავსებული იყო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ, რომელიც დაზიანდა ბუნებრივი მოვლენებისაგან და იგეგმება განახლებული ბანერის განთავსება“, _ წერია მერის წერილში.