დღეს გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში, ირაკლი კუპრაძემ, გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე სამი მოქალაქე, ხმის მიცემას ხელმეორედ ცდილობდა.
„ჩვენმა დამკვირვებლებმა ამის უფლება არ მისცეს, რადგან მათ უკვე ჰქონდათ მარკირება გავლილი“- თქვა ირაკლი კუპრაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამავე უბანზე წილისყრის დროს, კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, უბანზე დაგვიანებით მოსული „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი შეიყვანეს, მაშინ, როცა სხვებს ამის უფლება არ მიეცათ“.
კუპრაძის თქმით, 58-ე საარჩევნო უბანზე გახსნილი ბიულეტენი აჩვენეს დამკვირვებლებს „რაც ასევე დარღვევაა.
63-ე უბანზე კი საკონტროლო ფურცელს არ დაედო ბეჭედი, ისე ჩაუშვეს ყუთში“.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როცა ამომრჩევლებს შეცვლილი აქვთ საარჩევნო უბანი, ამის შესახებ კი მათ არ მისვლიათ საარჩევნო ბარათები.