საქართველოში 20 საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნები დაიხურა. საქართველოს მასშტაბით, არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მას შემდეგ შეწყდება, რაც უბანში მისული ბოლო ამომრჩეველი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.
ამის შემდეგ ხმების დათვლის პროცედურები იწყება.
მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მოაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება.
დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული. საარჩევნოდ 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იყო რეგისტრირებული.
არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ასევე იყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი გაიხსნება, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი იქნება საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).