ჭაჭიეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირი მივიდა.
როგორც „გურია ნიუსს“ შეატყობინეს, აღნიშნული პიროვნება სოფელში თბილისიდან ხმის მისაცემად ჩამოვიდა.
ის საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ახლობელია და მასთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა, კონტაქტი ჰქონდა უბანში მყოფ სხვა პირებთანაც.
„მოვიდა, საარჩევნო უბანზე. ხმის მიცემისას პირბადე ეკეთა, მაგრამ გარეთ რომ გამოვიდა მოიხსნა და ყველა გადაგვკოცნა. ცოტა ხანში თბილისიდან დარეკეს და შევიტყვეთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია“,_ ამბობენ სოფელში.
მომხდარის გამო საუბნო კომისიის თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს. თუმცა, ამბობს, რომ ხმის მიცემა ცესკოსა და ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა, რის გამოც ვირუსის გავრცელების საფრთხე საარჩევნო უბანზე ნაკლებად არის.
“გურია ნიუსმა” სცადა გარკვევა, თუ რა შეიძლება მოხდეს სოფელში იმ შემთხვევაში, თუ პირი მართლა ინფიცირებულია.
ცესკოს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ამბობს, რომ ვითარებას შესწავლა სჭირდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, ჩაუტარდებათ თუ არა კორონავირუსზე ტესტი საარჩევნო უბანზე მყოფ ცესკოს წარმომადგენლებს.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ხიდისთავში, ზურაბ მათითაიშვილმა განუცხადა, პიროვნება გუშინ ტესტის ჩასატარებლად გადაიყვანეს.
„გუშინ გამოვუძახეთ 112-ს და წაიყვანეს. დღეს ველოდებით პასუხს, ნამდვილად იყო თუ არა დაინფიცირებული. იმ შემთხვევაში თუ ამ პირს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდება, ამ შემთხვევაში მასთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტირების საკითხი დადგება. ის პირები ვინც მასთან კონტაქტი ჰქონდა ამჟამად სახლში იმყოფებიან, იზოლაციაში და ერიდებიან გარეთ გასვლას“,_ გვითხრა მათითაიშვილმა.
გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ მჟავია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ როდესაც ადამიანი იღებს ტესტს მას აფრთხილებენ, რომ თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს.
“პიროვნება, რომელსაც უთხრეს და არ გაითვალისწინა რეკომენდაცია თვითონ უნდა აგოს პასუხი იმაზე რაც გააკეთა. კომისიის თავმჯდომარემ თუ არ იცოდა და პოსტფაქტუმ გაიგო, ის არაფერ შუაში არ არის. ეს არის პიროვნებაზე დამოკიდებული. პირს, როდესაც ტესტს უღებენ, აფრთხილებენ, რომ სანამ არ გექნებათ პასუხი, მანამ გადადგით იზოლაციაში”.