ხვალ სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ჩოხატაურის 18 საბავშვო ბაღში განახლდება.
როგორც „გურია ნიუსს“ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ, მარინა ცინცაძემ განუცხადა, აღსაზრდელებს მხოლოდ ბასილეთის და ამაღლების საბავშვო ბაღები არ მიიღებენ.
„18 საბავშვო ბაღში განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. არ განახლდება ბასილეთის და ამაღლების საბავშვო ბაღებში, სადაც ჩვენ რომ ვისვენებდით იმ პერიოდში დაუდასტურდათ კორონავირუსი“,_ გვითხრა ცინცაძემ.
მისი თქმით, სააღმზრდელო პროცესი აღნიშნულ სოფლებში ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებამდე არ განახლდება.
„ამ სოფლებში არის შედარებით რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ბავშვს მშობლისგან დაუდასტურდა კორონავირუსი. მის კონტაქტებში არის მთელი სამეზობლო, ბავშვები, მასწავლებლები. რთული მდგომარეობაა. რაც შეეხება ბასილეთს, ბასილეთის ბაღის გამგე იზოლაციაში იმყოფება, რადგან კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან. გარდა ამისა, ის ვისაც ინფიცირება დაუდგინდა არის მშობელი და სამეზობლო, ბავშვები ვისთანაც ვისთანაც თამაშობდნენ იზოლაციაში იმყოფებიან. ბავშვთა რაოდენობა იქ ცოტაა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სანამ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამ ორ სოფელში შედარებით არ დასტაბილურდება, დროებით შევაჩეროთ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი“,_ გვითხრა ცინცაძემ.
რაც შეეხება პირველ საბავშვო ბაღს, რომლის პედაგოგებიც იზოლაციაში იმყოფებოდნენ კოვიდინფიცირებულ ბაღების გაერთიანების დირექტორთან კონტაქტის გამო, მათ იზოლაციის ვადა ამოეწურათ და მუშაობას ხვალიდან გაანახლებენ.
„საბავშვო ბაღში ჩვეულებრივი მდგომარეობაა. იზოლაციაში იყო რამდენიმე პედაგოგი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ქალბატონ ნინოსთან და მათ იზოლაციის პერიოდი უკვე გაუვიდათ“,_ გვითხრა ცინცაძემ.
რაც შეეხება ბავშვთა ბაღების გაერთიანების დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ სიცხეები აქვს და არ არის გამოწერილი საავადმყოფოდან. შედარებით რთულია მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რეანიმაციაში რჩება.