დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 49 218-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 289 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 33 459-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი. მათ შორის თბილისში – 10, აჭარაში – 2 , იმერეთში – 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა.