თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ამას ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ ამის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე საუბრობდა.
„მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ხოლმე ჩემს სიტყვებზე და ეს არ არის ხოლმე არავის დაშინება. ეს არის იმ სამწუხარო რეალობის დანახვა, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. მგონი კარგად უყურებთ მედიას, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით, ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა, სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ თავისი გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად. და ეს მოხდება თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. აი ეს არის რეალობა“, – განაცხადა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 33 459-ს შეადგენს. გარდაიცვალა 401 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 3 004 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2 428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.