დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა.
ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის და წმინდა ილია მართალის დაბადებიდან 183 წელი გავიდა.
ცნობისთვის, ილია ჭავჭავაძე დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.
1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა — „მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრავმას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.
1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის, კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.
კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:
„უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.
ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: „მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“
ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.
ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის – „თერგდალეულთა“ ტრადიციები.
1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.
სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, ისე მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუს და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.
1859-1872 წლებში ჭავჭავაძემ დაწერა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: აჩრდილი (პოემა) (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებს ეხებოდა; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა „ქართლის დედა“. „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა „კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“ (სამივე 1858), „ნანა“ (1859), „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860).
ამავე ხანებში შექმნა ჭავჭავაძემ პროზაული ნაწარმოებები, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა გადაგვარებული კლასის ყოფა სატირულად ასახა. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“ („ცისკარი“, 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში „პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), მან ჩამოაყალიბა რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, დაასაბუთა სალიტერატურო ენის გამარტივების, საერთო სახალხო ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა“… იქცა „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის საწყისად.
ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნების მოლოდინი და მხატვრულად ასახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც ავტორისა და „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს გამოხატავდა. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.
1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.
1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.
1864 წელს მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და აჩრდილი (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).
1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.
1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა „დიმიტრი თავდადებული“, რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882—1883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა „განდეგილი“, რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი „ბაზალეთის ტბა“ (1883). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება „ოთარაანთ ქვრივი“.
1870—1890-იან წლებში დაიწერა ჭავჭავაძის მრავალი ნაშრომი და წერილი ლიტერატურათმცოდნეობის («აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“», 1887 და სხვ.), საქართველოს ისტორიის („აი, ისტორია“, 1889; „ქვათა ღაღადი“, 1899 და სხვ.); ეკონომიკის („კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“, „ხიზნების საქმე“, ორივე 1886 და სხვ.), სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის ძვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის, მრეწველობის და სხვ.), საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე; წერილები უცხოეთზე — ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვ.
ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართული პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ჭავჭავაძე მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ქართული ენის — დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსლის ზრდის მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს. სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ საკითხებზე ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „პედაგოგიკის საფუძვლებს“ (1888).
1906 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები“
1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.
წყარო: ვიკიპედია