სოფელი ნაგომარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ხოლო საბჭოთა ეპოქაში, როგორც მოწინავე კოლმეურნეობით ცნობილი სოფელი, საუკეთესო ხუთეულში შედიოდა.
დღეისთვის სოფელს, ისევე როგორც ყველა დანარჩენს აქვს ბევრი პრობლემა, რომელთაგან ადგილობრივები ყველაზე უფრო უწყლობას ასახელებენ.
სოფელში მხოლოდ ჭები აქვთ. თუმცა ბევრგან დამშრალია, რის მიზეზადაც მდინარე სუფსაზე გახსნილ უამრავ კარიერს ასახელებენ.
_პრობლემას რა გამოლევს. უმუშევრობაზე საუბარი ზედმეტია. დღიურად თუ სადმე იმუშავებს ადამიანი, თორემ მუდმივად დასაქმებული მცირე პროცენტია. წყალი უმთავრესი პრობლემაა. ყველაზე ძალიან, იცით, რაზე გვტკივა გული? სოფლის ცენტრში უნიკალური შენობა გვქონდა, კულტურის სახლი, სადაც ხუთასამდე მაყურებელი ეტეოდა. დღეს ინგრევა ისე, რომ კაცი პატრონი არაა, _ გვეუბნებიან ადგილობრივები.
შემოდგომის მიწურულს სოფელში, საყანე ფართობებში დასრულებულია სიმინდის მოტეხვა, ჩალის თუ თივის აღება. ადგილობრივები ზამთრისთვის ემზადებიან, თან ბევრ პრობლემაზე საუბრობენ.
„გურია ნიუსი“ მალე ვრცლად გიამბობთ სოფელ ნაგომრის პრობლემებზე, რის შესახებაც ადგილობრივები გვესაუბრნენ.