ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 402 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 245 ადამიანი, გარდაცვლილია 2 პაციენტი.
თვითიზოლაციაში დაახლოებით 320 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება, ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ასევე საკითხს, იცავენ თუ არა იზოლაციაში მყოფი პირები იზოლაციის წესებს- ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ნატო მენაღარიშვილს ესაუბრა.
„პაციენტების უმრავლესობას პნევმონიები აქვს, ნაწილს ორმხრივი ფილტვების ანთება. მართვით სუნთქვაზე ჯერჯერობით არავინ იმყოფება. კოვიდინფექციის მსუბუქ ფორმაში მქონე პაციენტები ბინაზე მკურნალობენ, ნაწილი გადაყვანილია როგორც სტაციონარში, ასევე საკარანტინე ზონაში“,_ ამბობს მენაღარიშვილი.
მენაღარიშვილის თქმით, 2 პაციენტი, რომელთა გადაყვანა მუნიციპალიტეტიდან კოვიდკლინიკაში ვერ ხერხდებოდა, როგორც იქნა გადაიყვანეს
მისივე თქმით, იზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევები მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები უმეტესად იზოლაციაში მყოფ ადამიანებს უდასტურდებათ.
„იზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევები არ გვქონია, რადგან ხალხი მივიდა იმ შეგნებამდე რომ აუცილებელია იზოლაციის წესების დაცვა. თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებზე მონტორინგი ტარდება. ყოველდღე უკავშირდებიან ცენტრის თანამშრომლები და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ. ვისაც კი ოდნავ სიმპტომები აღენიშნებათ ვუტარებთ ტესტირებას და გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა არის თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებიდან წამოსული“,_ გვეუბნება მენაღარიშვილი.
ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ გუშინ კატოკვლევაზე 8 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან ვისაც პნევმონია დაუდასტურდათ სამკურნალოდ დარჩნენ, 3 საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს, დანარჩენები კი სახლებში დააბრუნეს.
„პაციენტებს, რომლებსაც ტემპერატურა და გამოვლენილი კლინკური ნიშნები აქვთ გუშინაც 8 ადამიანი გადავიყვანეთ კატოკვლევებზე, საიდანაც 3 ადამიანი საკარანტინე სივრცეში გადავიყვანეთ. ვისაც პნევმონიები დაუდასტურდათ დატოვეს სამკურნალოდ, დანარჩენები სახლებში დაბრუნდნენ. დღესაც ვაგზავნით ადამიანს რომელსაც კატაკვლევა ესაჭიროება“,_ ამბობს მენაღარიშვილი.