მძიმე კოვიდვითარების გამო, მიუხედავად აკრძალვებისა და არაერთგზის მითითებისა, მოქალაქეთა ნაწილი სრულ უპასუხისმგებლობას იჩენს ქალაქში სიარულისას, როგორც პირბადის ტარების აუცილებლობასთან დაკავშირებით, ისე ტესტის პასუხის მოლოდინში საიზოლაციო წესების დაცვისას.
„გურია ნიუსი“ დღის განმავლობაში ახდენს ოზურგეთის ქუჩების შემოვლას, განსაკუთრებით ვათვალიერებთ ხალხმრავალ ადგილებს და ვარკვევთ, რა ხდება.
განსაკუთრებით უპასუხსიმგებლო ფაქტებს ვაწყდებთ იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც ვირუსით დაავადებულია ან საიზოლაციო რეჟიმშია და მაინც არღვევს წესებს, გამოდის ქუჩაში წამლის თუ სხვა პროდუქტის საყიდლად.
ზოგ აფთიაქში, აღშფოთებული ოპერატორების საუბარიც ჩავწერეთ:
_მოვიდა ქალი, პირბადე კი ეკეთა. შემოაღო კარი და ხმადაბლა მეკითხება, :„ექიმო, კორონაი მაქ, წამალი გაქ? სახლიდან გამევიპარე და მალე მინდა წევიდე“??? აი, ასეთ კითხვას რომ დაგისვამს ადამიანი, ადეკვატური არის? ვისტან გამოიპარა, ჩემთან? საერთოდ არ შემოვუშვი და ვუთხარი, რომ სასწრაფოდ დაბრუნებოდა იზოლაციის რეჟიმს. კი გაბრუნდა უკან, მაგრამ დავიჯერო, დამიჯერა? მერე მითხრეს , რომ პოლიციაში უნდა დამერეკა. დარეკავ და… ძალიან ცუდი ადამიანი ხარ. ასეთი ფაქტიც იყო, მოვიდა ქალბატონი და გვეუბნება: „იზოლაცია მომისაჯეს, წამალი მინდა, სამი ბაღანა გვყავს შინ და არ მინდა დავსვარო“(??) ზოგს ეცინება, ასეთ ამბებზე, ჩვენ კიდე შიშით აღარ ვართ. საზოგადოების არც ისე ცოტა ნაწილი სრულ სიბეცეს იჩენს _ გვეუბნებიან ოზურგეთის ერთ-ერთ აფთიაში.
ქუცაში მოსიარულეთა მხრიდან, ვისაც პირბადე არ უკეთია, შენიშვნისას ირონიული, უპასუხისმგებლო რეპლიკებით გვპასუხობს: „კორონა არა კვახი“, „პირბადე გახარიამ გაიკეთოს“, „იმდენი ფული რო გამოგზავნეს კორონიზა, 80 დოლარი გვეკუთვნოდა თითო კაცს“ (??)
ამ კომენტარების ავტორები, ვინაობის დასახელებასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ხმასაც უფრო უმაღლებენ. თან ცდილობენ, სასწრაფოდ გაგეცალონ:
_არ გადამიღო, არც დაწერო, არაა თქვენი საქმე, მე რას ვაკეთებ და რას ვფიქრობ, – ასეთია პასუხი.
ყველაზე მეტად ასეთ შემთხვევებს ხალხმრავალ ადგილებში, ბაზარში, მიმდებარედ, ზოგჯერ ცალკეულ ქუჩებშიც შეხვდებით.
ავტოსადგურებში, მაგალითად, ოზურგეთის ცენტრალურ ავტოსადგურში, მძღოლები გვეუბნებიან, რომ ყველას გამოკრული აქვს გამაფრთხილებელი განცხადება_ პირბადის გარეშე ტრანსპორტში ვერავინ ამოვა.
_იცით, რა არის? მოქალაქეთა უმეტესობას პირბადე უკეთია. თითოოროლაა, უპირბადოდ რომ დადის და თავნებობს, თუმცა ესეც რომ საკმარისია დაავადების სწრაფი გავრცელებისთვის, ხომ ყველამ ვნახეთ? მაგის მაგალითის მეტი რაა? ჩვენ მუდამ ვიცავთ რეგულიაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თუ ვინმე უპირბადოდ ვნახეთ, ან გავიგეთ, რომ ტესტირებაზე პასუხს არ ელოდება, ქუჩაში დადის, მოურიდებლად ვეუბნებით, ვაძლევთ შენიშვნას. ასეთ დროს, პოლიცია და ექიმები ვერაფერს გახდება დამოუკიდებლად. თითოეულმა უნდა მივუთითოთ ქუჩაში უპასუხისმგებლოდ გამოსულ ადამიანს, – გვეუბნება და-ძმა ირაკლი და ლენა ქავთარაძეები.
თეონა მეგრელიშვილი, აფთიაქის თანამშრომელი: მე პირადად, მიჭირს პირბადის ტარება. ცოტა პრობლემები მაქვს, პირბადეში სუნთქვა მიჭირს და როცა ქალაქში ვმოძრაობ, სადაც ხალხმრავლობა არ არის, ხან დაბლა ვწევ, რომ მეტად ჩავისუნთქო. თუმცა, ძირითადად, ვიცავ წესებს. ან როგორ შეიძლება, არ დაიცვა რეგულაციები? ბევრი იქცევა უპასუხისმგებლოდ. აფთიაქშიც ვხედავ ასეთ ადამიანებს, უცნაური კითხვებით რომ შემოდიან. თუ უკვე ვირუსი აქვს ან იზოლაციაშია, როგორ ვერ უნდა ნახოს ვინმე ისეთი, რომ წამლისთვის გამოუშვან? სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ამდენი ადამიანი ასეთ სიბეცეს გამოიჩენდა ამ რთული ვითარების დროს, _ გვითხრა ქალბატონმა თეონამ.
ჩვენ საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორს მაია ქუტიძეს ვესაუბრეთ.
_რა უნდა გითხრათ? ასეთ ადამიანებს ვერც დავაბამთ და ვერც სათითაოდ მოვმწყემსავთ. ყველამ იცის, მთელმა ქვეყანამ, როგორი რთული ვითარებაა. თქვენც უნდადაგვეხმაროთ. როცა გაიგებთ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანები ქუცაში დადიან ან აპირებენ გამოსვლას, უნდა დაგვიკავშირდეთ, რომ ღონისძიება გავატაროთ. მეტს ვერავფერს გეტყვით,ურთულესი მდოგმარეობაა. ტელეფონი არ ჩერდება, ყველა პასუხს ითხოვს. სხვა საქმეც ხომ გვაქვს? – თქვა „გურია ნიუსთან“ მაია ქუტიძემ.